მანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა

საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ „ერთად იმუშაონ მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით“.

პუტინმა და მაკრონმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ უკრაინის და მინსკის შეთანხმების საკითხი.

ფრანგულ მხარეს სატელეფონო საუბრის შესახებ ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა რაც, საფრანგეთმა მოსკოვის ქმედებებს უკრაინაში მკაცრად უპასუხა. მაკრონის გამარჯვების შემდეგ, პუტინმა მას პრეზიდენტობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ის იმედოვნებს „ორი ქვეყანა გადალახავს უნდობლობას და გაერთიანდება საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“.

რუსეთი საფრანგეთის არჩევნებში, მაკრონის ოპონენტს მარინ ლე პენს უჭერდა მხარს. ამასთანავე, საფრანგეთის არჩევნებამდე 36 საათით ადრე, მაკრონის საარჩევნო შტაბის ელექტრონული მიმოწერა გავრცელდა, რომელსაც რუსეთის ქმედებებს უკავშირებენ. კამპანიის განმავლობაში, რუსეთი – მედიის, კიბერ-შეტევების და მაკრონის ოპონენტის დაფინანსების მეშვეობით შეეცადა ამერიკის მსგავსად, საფრანგეთშიც მოეხდინა გავლენა საარჩევნო პროცესებზე.

banner
წინა სტატიაშიკვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ ვენეციის კომისიაში გასაგზავნი წერილი შეიმუშავა
შემდეგი სტატია(ვიდეო) თაიმზ სქვერზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე მძღოლი დაკავებულია