მანდატურს მოსწავლის გაჩხრეკის უფლება არ აქვს

განათლების და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ზარდალიშვილის განცხადებით, მანდატურის სამსახურს სკოლაში მოსწავლეების შემოწმების და გაჩხრეკის უფლება არ აქვს.

როგორც ზარდალიშვილმა ჟურნალისტებს 51-ე საჯარო სკოლაში ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, მანდატურის სამსახურს სკოლაში ბავშვზე ზრუნვის ფუნქცია აქვს და არა კონტროლის.

„მანდატურს აქვს გარკვეული ფუნქციები, რომელსაც ის ნამდვილად ასრულებს. წელიწადში ერთხელ მანდატური გადის ძალიან სერიოზულ წვრთნას, რომლის შემდეგაც გამოცდას აბარებს. როგორც იცით, 2013 წლიდან მანდატურის ფუნქციებში აღარ შედის სკოლის ადმინისტრაციის და პედაგოგის კონტროლი, თუმცა მას შენარჩუნებული აქვს ბავშვზე ზრუნვის და პირველადი საგანგაშო ნიშნების ამოცნობის ფუნქცია. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს ინფორმაცია იმაზე, გაფრთხილებული ჰყავდათ თუ არა მანდატურებს მშობლები კონფლიქტური სიტუაციის შესახებ. ამაზე თავად მანდატურებს უნდა ჰკითხოთ. რაც შეეხება მოსწავლეების შემოწმებას, ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ეჭვი გაჩნდება, თუ დაინახავენ, რომ ბავშვი აგრესიულია, ვიღაცას ემუქრება. ეს არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ჰკითხო ბავშვს, რამე ხომ არ უდევს ჯიბეში. ბავშვის გაჩხრეკის უფლება, გარდა პოლიციისა, არავის აქვს. ბავშვი რომ გაჩხრიკო, უნდა გამოიძახო პოლიცია. ზოგადად, მანდატურს ბავშვთან ურთიერთობაში ზრუნვის ფუნქცია აქვს და არა კონტროლის. მანდატურმა რომ პოლიციელი ჩაანაცვლოს, ასეთი პრაქტიკა არის აშშ-ში, მაგრამ ჩვენთან არა. აშშ-ში შემთხვევები ბევრად უფრო მეტად უსიამოვნო და სისხლიანია, ვიდრე აქ. ამიტომ ჩვენ ზრუნვის მეთოდს ვირჩევთ“, – განაცხადა ზარდალიშვილმა.

რაც შეეხება სკოლაში პნევმატური იარაღის არსებობას, როგორც ზარდალიშვილმა აღნიშნა, მას ბავშვებისგან აქვს ინფორმაცია, რომ სკოლაში არა პნევმატური იარაღი, არამედ სათამაშო იარაღი იყო.

„ნამდვილად ვერ გეტყვით, რომელმა ბავშვმა მომაწოდა ეს ინფორმაცია, მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს არის სათამაშო იარაღი“, – აღნიშნა ზარდალიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილარის გაუფასურების ერთადერთი მიზეზი ,,მოლოდინებია”-კობა გვენეტაძე
შემდეგი სტატიამიხეილ ჩხენკელი : მანდატურის სამსახურის როლი გაძლიერდება, გადაწყდა, რომ სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიციაც ჩაერთვება