მანანა ნაჭყებია: მაქვს განცდა, რომ ეს პარლამენტი ისევ ორ ნაწილად დაიყოფა

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს მუშაობის დაწყება მიულოცა და ისურვა, რომ მომავალი პარლამენტი იყოს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული.

“მაქვს განცდა, რომ ეს პარლამენტი ისევ ორ ნაწილად დაიყოფა. პირველი ნაწილი იქნება რიცხობრივად დიდი, რომელთათვისაც მთავარია საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე ძლიერი ოპონენტები, რადგან სორედ ამ საფუძველზე მოვიდნენ, კარგად აუღეს ალღო იმას, რომ იყიდება ძლიერი ანტინაციონალური განწყობა და სულისკვეთება და კარგადაც გამოიყენეს. სხვათაშორის, ამდენმა ოპონირებამ აცოცხლა „ნაციონალური მოძრაობა“,- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

მისივე აზრით, ეს ყველაფერი უკვე წარსულია და ყველა ორიენტირებული უნდა იყოს მხოლოდ მომავალზე.

“ან ეს პარლამენტი თავიდან ბოლომდე დაემსგავსება წინა მოწვევის პარლამენტს, სადაც მთავარი სულისკვეთება იყო ის, რომ ყოფილიყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოპონენტები და რაც შეიძლება ნაკლებად გეწყენინებინა ბიძინა ივანიშვილისთვის, ასეთ შემთხვევაში ვერ მივიღებთ უკეთეს პარლამენტს და განვითარებას, ან ამ პარლამენტში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც სასარგებლო იქნება და განსხვავებული. ასეთ შემთხვევაში ისინი შეძლებენ მოწყდნენ იმ წყაროს, რომელმაც მოიყვანა პარლამენტში და უკვე დამოუკიდებლად განაგრძონ საქმიანობა. არჩევანი მათზეა და სწორედ ასეთ ადამიანებზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი განვითარება. განსაკუთრებით პირველ ათეულში მყოფმა ადამიანებმა იციან რა არის დემოკრატია და ვიმედოვნებ, რომ არ წავლენ პრინციპების წინააღმდეგ”,- განაცხადა ნაჭყებიამ.

 

banner
წინა სტატიაშიკობა ნარჩემაშვილი: პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ კონსტიტუციას ცვლილება სჭირდება
შემდეგი სტატიადასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი, აღმოსავლეთში კი – თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი