„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებს.
როგორც პარტიის პოლიტიკური საბჭოს მდივანი აკაკი მინაშვილი აცხადებს, მანანა კობახიძეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელების ნება არ აქვს.
„ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკა სახელმწიფო ინსტიტუტების, სასამართლოს და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მონოპოლიზება იყო. მანანა კობახიძის დანიშვნა იქ, ამის ერთ-ერთი გაგრძელებაა. ბუნებრივია, ეს იქნება ერთ-ერთი ბერკეტი და ჭანჭიკი იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აკონტროლონ, რადგან მას არც აქვს დამოუკლიდებელი ნება და არც სურვილი იმისა, რომ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება განახორციელოს“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების” სახელით, პარლამენტის ბიუროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურა გუშინ ოფიციალურად წარედგინა.
მანანა კობახიძეს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმენენ. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურაზე მსჯელობას საკანონმდებლო ორგანო ერთ კვირაში დაიწყებს.