მამუკა მდინარაძე : სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ყველაზე რადიკალურ ოპოზიციას გადაასწრო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სასიამოვნო ნამდვილად არ არის და საზიანოც კი შეიძლება იყოს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის, როცა პრეზიდენტი, რომელსაც ეროვნული კონსოლიდაცია ევალება, რადიკალური ოპონენტის პოზიციას ირჩევს.

ჟურნალისტებთან საუბარში მდინარაძე, ერთი მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებებს გამოეხმაურა და, მეორე მხრივ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესზე ისაუბრა.

„არ მგონია, ვინმეს იმის შესახებ ილუზიაც ჰქონდეს, რომ ოპოზიცია მხარს დაგვიჭერდა და პოზიტიურ პროცესს დადებითად შეაფასებდა. როცა ქუთაისში კვირაზე მეტ ხანს ყოფნა გეზარება და, შენი აზრით, ამ ყველაფერს აზრი ეკარგება, რადგან არგუმენტები აღარ გაქვს, ალბათ, საუკეთესო გამოსავალია, რომ ბოიკოტი გამოაცხადო და ამ პროცესს რამენაირად ჩრდილი მიაყენო. ამის მიუხედავად, ჩვენს დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, რადგან ნამდვილად ვიცით და საზოგადოებაც რწმუნდება იმაში, რომ შეუდარებლად კარგი კონსტიტუცია გვაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთ.

სამწუხაროდ, პრეზიდენტმა თავის დროზე ყველაზე რადიკალურ ოპოზიციას გადაასწრო და სანამ პროცესი დაიწყებოდა და საკონსტიტუციო კომისია მუშაობას შეუდგებოდა, ამ პროცესს ბოიკოტი მანამდე გამოუცხადა. შესაბამისად, ალბათ, მისი ქმედებების რეალურ მიზეზებს საზოგადოება უფრო კარგად განსჯის“, – ამბობს მდინარაძე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის აზრით, ბუნებრივია, კონსტიტუციის მიღების ამ პროცესს ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს.

„რა თქმა უნდა, მორალურად, შესაძლოა, სასიამოვნო არ იყოს, რომ დარბაზში სხვა ოპონენტები არ სხედან, მაგრამ ილუზია არავის ჰქონდა, რომ ჩვენი ოპონენტების – „ალიანსის“, ან „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მხარდაჭერა გვექნებოდა.

იმის მიუხედავად, რომ ისინი ამ რეჟიმში მოქმედებენ და მათი გადმოსახედიდან ერთადერთი გზაა ამ პროცესს რამენაირად დისკრედიტაცია გაუკეთონ, შესაბამისი ძალა გვაქვს, რომ შეუდარებლად კარგი კონსტიტუცია მივიღოთ და ამით კარგი მომავალი უზრუნველვყოთ“, – აღნიშნავს კანონმდებელი.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი თავისი სუბიექტური პოლიტიკური მიზნების გათვალისწინებით მოქმედებს.

„ბუნებრივია, სხვა ახსნას ვერავინ მოუძებნის იმას, რომ მან პროცესი მიატოვა და ბოიკოტი მანამდე გამოუცხადა, სანამ ეს პროცესი დაიწყებოდა და ეს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დაწყებამდე მოხდა. არ ვიცი, მარგველაშვილი რას აპირებს, თუმცა მისი მხრიდან პოლიტიკური ინტერესი აშკარად იკვეთება.

არ არის გამორიცხული და ამაზე რამდენიმე კვირის წინ განცხადებებიც გაკეთდა, რომ შესაძლებელია, ეს ერთი პოლიტიკური სცენარის ნაწილი იყოს და გარკვეული ინფორმაციებიც მიუთითებდა, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ამას სხვადასხვა დღეებში განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს და მათი სინქრონში გაკეთებული განცხადებები. სასიამოვნო ნამდვილად არ არის და საზიანოც კი შეიძლება იყოს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის, როცა პრეზიდენტი, რომელსაც ეროვნული კონსოლიდაცია ევალება, რადიკალური ოპონენტის პოზიციას ირჩევს“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე : რაც შეეხება სასამართლოს, ჩვენ ვერ ჩავერევით მათ საქმეში
შემდეგი სტატიაილია მეორე : ჩემთვის ცის ჩამოვარდნა იყო, როდესაც მამა გიორგის დაკავების შესახებ შევიტყვე