მამუკა მდინარაძე სახელისუფლებო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას არ ადასტურებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებაში“ სახელისუფლებო თანამდებობებთან დაკავშირებით, კონსულტაციები დაიწყო.

„კონსულტაციები გაფართოებულ რეჟიმში არ გამართულა. ჯერ არც კი შევკრებილვართ. პრემიერი თავის წინადადებებს წარადგენს და მოხდება მსჯელობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც „კურიერის“ პირდაპირ ეთერში ასევე, არ გამორიცხა, რომ მთავრობაში შესაძლოა, საზოგადოებამ ახალი სახეები იხილოს.

რაც შეეხება ყოფილი თანაგუნდელებისთვის ხელისუფლებაში სამთავრობო თანამდებობების შეთავაზებას, მათ შორის, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ და კერძოდ ვიქტორ დოლიძისთვის, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

„ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებზეა მომართული და რომლისთვისაც მთავარი ღირებულება არის ადამიანი, რაც ემთხვევა ჩვენს ღირებულებებს, ამ შემთხვევაში, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ვიქტორ დოლიძე, ან სხვა ყოფილი გუნდის წევრზე ჯერ კონსულტაციები არ ყოფილა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიივანკა ტრამპი: მამამ იუდაიზმის მიღებაში მხარი დამიჭირა
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძე უსუფაშვილის წასვლის მიზეზებზე საუბრობს