მამუკა ღლონტის ადვოკატი – სასამართლო მეორე მხარეს ეხმარება

მოსამართლის არგუმენტი არის იმის ნიშანი, რომ სასამართლო ყველანაირად ეცადა ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს დახმარებოდა მიეღო მისთვის სასურველი გადაწყვეტილება , – ამის შესახებ მამუკა ღლონტისა და ეკატერინე აკობიას ადვოკატმა პაატა კიკვიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც კიკვიძემ აღნიშნა, არგუმენტი, რომლითაც მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილება გაამყარა, მოწინააღმდეგე მხარეს არ დაუპირისპირებია მოსარჩელე მხარისთვის.

„ალბათ, მათაც არ სჯეროდათ, რომ ეს არგუმენეტი შეიძლება ყოფილიყო გამამართლებელი არგუმენტი. ეს არის იმის ნიშანი, რომ სასამართლო ყველანაირად ეცადა ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს დახმარებოდა მიეღო მისთვის სასურველი გადაწყვეტილება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის არაობიექტური, მოლოდინი გვქონდა, რომ გადაწყვეტილება ასეთი სახით იქნებოდა მიღებული შედეგობრივად, თუმცა ამ არგუმენტს ნამდვილად არ ველოდებოდით. როცა მხარე არ გიპირისპირებს არგუმენტს და სასამართლო ეძებს ისეთ არგუმენტს, რომლითაც შენთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ნათელი დასტურია, რომ სასამართლო ეხმარება მეორე მხარეს“ , – განაცხადა პაატა კიკვიძემ.

„მაესტროს“ სადავო წილები კვლავ გია გაჩეჩილაძის საკუთრებაში რჩება. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლის მამუკა ღლონტისა და ეკატერინე აკობიას სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც ისინი გია გაჩეჩილაძის კუთვნილი წილის მათთვის გადაცემას მოითხოვდნენ.
მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ არგუმენტად ის გარემოება დაასახელა, რომ არ არსებობს წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და არსებობს მხოლოდ წინარე ხელშეკრულება წილის გასხვისებასთან დაკავშირებით, რაც არ ნიშნავს, რომ წილი გასხვისებულია.

banner
წინა სტატიაშიტექნიკურ უნივერსიტეტში მოშიმშილე ლექტორებთან სახალხო დამცველი მივიდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ეკონომსეგმენტის ბრენდის, ”მოქსის” კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი