მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

პარტია “ქართული ოცნების” ოფისში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება.
როგორც დეპუტატებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, შეხვედრის მთავარი თემა სამინისტროების ოპტიმიზაციის საკითხი იქნება. როგორც ცნობილია, გუნდი განიხილავს, თუ რომელი სამინისტროები გაერთიანდეს.
ამ დრომდე დისკუსიის საგანია, დარჩეს თუ არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ცალკე უწყების სახით. როგორც უმრავლესობაში ამბობენ, გუნდში არის მოსაზრება, რომ აღნიშნული სამინისტროს არსებობას პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ცალკე უწყების სახით უნდა შენარჩუნდეს.
ამასთან, დღის წესრიგში დგას და განიხილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გაუქმების საკითხი, რომლის მიხედვით, პოლიტიკის ნაწილი შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გადავა, ხოლო დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის საკითხები ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება. თითქმის გადაწყვეტილია, რომ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას დაექვემდებარება.
გარდა ამისა, მიმდინარეობს მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში გაერთიანების საკითხზე და ასევე, დისკუსიის საგანია, რა ფორმით შეიძლება გაერთიანდეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში.
სამინისტროების სტრუქტურულ რეორგანიზაციაზეა დამოკიდებული ის შემდგომი საკადრო ცვლილებები, რომელიც მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში იგეგმება. უმრავლესობაში არსებული ინფორმაციით, მამუკა ბახტრაძე მინისტრის პოსტებზე ახალი სახეების წარდგენას გეგმავს. ამასთან, როგორც უმრავლესობაში ამბობენ, დიდი ალბათობით საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დავით ზალკალიანი დარჩება.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ყაჩაღობა მოხდა
შემდეგი სტატიაქუთაისში ძლიერი წვიმა და ქარია