მამუკა ბახტაძე – მიღებულია გადაწყვეტილება, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იყოს

მიღებულია გადაწყვეტილება, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ყურადღება მთავრობის თავდაცვის პოლიტიკაზე გაამახვილა.

„ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ნიშნავს ჰარმონიზაციას ყველა მიმართულებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით. არსებული ჰიბრიდული გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია ჩამოვაყალიბოთ მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ტერიტორიული თავდაცვისა და შეკავების ამოცანების მდგრადი უნარებითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების სრულიად თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალები.

ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გავამახვილებთ ყურადღებას. პირველ რიგში, ეს გახლავთ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია და სამი კვირის წინ, მე ამაზე დეტალურად ვისაუბრე. ეს გახლავთ სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბება, რომლის საპილოტე პროექტი მიმდინარე წელს დაიწყება და, რა თქმა უნდა, სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოტენციალი, რომელსაც სჭირდება გამოყენება. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად უნდა იყოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას იხილავს, რომელიც მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა
შემდეგი სტატიასააკაშვილს, ახალაიას, კეზერაშვილს, ბოკერიას მეც შევიყვანდი სიაში – ადა მარშანია ოკუპირებული აფხაზეთის მიერ სიის გამოქვეყნებაზე