მამა გიორგი: მას სთხოვდნენ ეთქვა, რომ პატრიარქის ლიკვიდაციას გეგმავდა მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილი

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა, მამა გიორგი მამალაძემ სამარტოვოო საკანში მეუფე დიმიტრისთან შეხვედრას “ემოციური” უწოდა.

მან შაბათის კურიერთან ციხიდან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ მეუფე დიმიტრის გარკვეულ დეტალებზე ესაუბრა, რომლის შემდეგაც პატრიარქის ძმისშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება იყო.

მამა გიორგი მამალაძის თქმით, მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ყველა დეტალზე ხმამაღლა ვერ ისაუბრებს.

„ის დაჭრილი და დაჩეხილი კადრები, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უმეტესობას სჯერა, რომ ეს აბსურდია, გარკვეული კითხვები ჰქონდა მეუფეს. არსებულ კითხვებზე მიღებული პასუხებისა და არსებული ინფორმაციის ანალიზის შემდეგ, მან გააკეთა ის განცხადება, რაც საჯაროდ ცნობილია, რომ რასაც მე ვამტკიცებდი, რომ ეს იყო შეთქმულება არა მარტო მის, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ,“ – განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.

დეკანოზმა მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მისგან ითხოვდნენ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი თანამონაწილეებად დაესახელებინა.

„იყო ზეწოლები ფარულიც და ღიაც. ხშირ შემთხვევაში არ მიყვარს კონკრეტული ადამიანების სახელების დასახელება საჯაროდ, მაგრამ ცნობილია სხვადასხვა ტელეკომპანიაში რიგი სასულიერო პირებისგან, მაღალი იერარქებიც გამოვიდნენ, რომლებიც ჩემგან აღიარებას ითხოვდნენ იმისა, რაც არ არსებობს რეალობაში. ითხოვდნენ კონკრეტულად მეუფე დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილის თანამონაწილეობას, რაც აბსურდია,“ – აღნიშნა დეკანოზმა, მამალაძემ.

მამა გიორგი მამალაძის თქმით, მას სთხოვდნენ ეთქვა, რომ პატრიარქის ლიკვიდაციას მისივე ძმიშვილი, მეუფე დიმიტრი, გეგმავდა და ამ სქემაში მისი თანამონაწილე იყო ილია მეორის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სოსო ოხანაშვილი.

„ეს აღიარება რომ ვერ მიიღეს, ჩემი მოსაზრებით, დამსაჯეს და ბრალი წამიყენეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში, თორემ მათ ჰქონდათ განზრახული, რომ ეს შეთითხნილი საქმე ყოფილიყო კონკრეტულად პატრიარქის წინააღმდეგ, რომელშიც უნდოდათ, ორგანიზატორებად დაესახელებინათ მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილი,“ – განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ მეუფე დიმიტრის დაკავების გეგმა არსებობდა.

„მეუფე დიმიტრი არის ერთ-ერთი ნათელი წერტილი დღეს მოღვაწე მაღალ იერარქებს შორის, რომლის დისკრედიტაციას ცდილობდნენ,“ – განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოსა და სპეცსამსახურს შორის კომუნიკატორის ფუნქციას მეუფე იაკობი ასრულებდა
შემდეგი სტატიარატომ გაექვსმაგდა თამბაქოს კონტრაბანდა საქართველოში