მაკა ასათიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ სასამართლოში უჩივის

მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული შპს „აკა“ (მერსედეს-ბენცის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ სასამართლოში უჩივის.

მაკა ასათიანის ადვოკატის, გიორგი გვენეტაძის თქმით, მაკა ასათიანი ორგანიზაციას პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს და ამასთან, 5 ივლისს გამოქვეყნებული კვლევის იმ შედეგების საჯაროდ უარყოფას ითხოვს, რომელიც შპს „აკას“ ეხება.

„ცილისწამებული განცხადებები საჯაროდ გამოქვეყნდა. კვლევის სახელწოდებაა „კორუფციული რისკები სასამართლო სისტემაში“ და ამ კვლევის კონკრეტულ ნაწილში ჩვენი სასამართლო დავა, რომელიც ამჟამად უზენაესი სასამართლოში განხილვაშია, მოხსენიებულია როგორც კორუფციული რისკის შემცვლელ საქმედ. საჯარო განცხადებებით და ასევე შეხვედრის დროსაც ვთხოვეთ ამ ცნობების უარყოფა და დავუსაბუთეთ რატომაც, ვინაიდან აშკარა იყო ან შეცდომა, ან კონკრეტული დაკვეთის შესრულება, თუმცა დღემდე არ უარყვეს. ეს დასკვნა გასცდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. ჩვენ ვითხოვთ, მოხდეს იმავე ფორმით უარყოფა, რა ფორმითაც ცილისწამება მოხდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

9 ივლისს მაკა ასათიანმა და მისი ადვოკატებმა განაცხადეს, რომ თუ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შეცდომას არ გაასწორებს, სასამართლოში უჩივლებდნენ.

საქმე ეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ მიერ მომზადებულ ანგარიშს „კორუფციული რისკები სასამართლო სისტემაში“. კვლევაში საუბარია შვიდ საქმეზე, რომელთაგან ერთ-ერთი მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული შპს „აკას“ (მერსედეს-ბენცის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) 20%-იანი სადაო წილის შესახებ სასამართლოში მიმდინარე დავას ეხება.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყებამდე “საქნახშირი” მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილაციო დანადგარების მუშაობას უზრუნველყოფს
შემდეგი სტატია“საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატოში გაწევრიანების მიმართ”