მაიკ პენსთან გვქონდა საუბარი მიხეილ სააკაშვილზე – ნიკა მელია

„ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. იმაზე პროდუქტიული, ვიდრე წარმომედგინა,” – ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მელიას თქმით, ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი ადასტურებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია და თავად მაიკ პენსი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს ურყევად უჭერს.

„მათი მხარდაჭერა ჩვენს მიმართ, არის 100%-იანი. ახლა ჯერი არის საქართველოს ხელისუფლებაზე,“ – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, შეხვედრაზე საუბარი ბევრ საკითხს შეეხო, მათ შორის იყო საკონსტიტუციო ცვლილებები.

„ვისაუბრეთ, რომ ერთპარტიული გადაწყვეტილებაა მიღებული და “ქართული ოცნება” თვითიზოლაციაშია და მხოლოდ მას სურს, რომ მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილება და მთელი ოპოზიციური სპექტრი, მთელი საერთაშორისო, ვენეციის კომისია, საქართველოს პრეზიდენტი არის სხვა აზრზე,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, საუბარი შედგა როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

„გვქონდა საუბარი ცალკე აღებულ მიხეილ სააკაშვილზე, ადამიანზე, რომელმაც გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები ამ ქვეყანაში. ის, რომ ხელისუფლება დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს და რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს საამისოდ, ამაზეც გვქონდა საუბარი,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში“Georgia First და America next, ამაზე შევჯერდით” – დავით უსუფაშვილი მაიკ პენსისთან შეხვედრაზე
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს პერიოდში ადასტურებს სურვილს, გაღრმავდეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა