მაიკ პენსი: ათასწლეულების განმავლობაში ქართველებმა დაამტკიცეს თავიანთი ვაჟკაცობა, დამოუკიდებლობის სიყვარული

ჩემზე და კერენზე უდიდესი ემოციური გავლენა იქონია მოქალაქეთა ხილვამ, რომლებიც ამერიკული და ქართული დროშების ფრიალით დაგვხვდნენ – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ოფიციალურ ვახშამზე.

მაიკ პენსმა მასპინძლებს თბილის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს პარტნიორობას და მეგობრობას. ჩვენ წინ გაშლილი მადისმომგვრელი ქართული სუფრა ზუსტად ისეთი მომხიბვლელი და სასიამოვნოა, როგორც მე მსმენია. ასე რომ, მადლობას მოგახსენებთ გულითადი მასპინძლობისთვის. მე და ჩემი მეუღლე მადლობელნი ვართ ქართული ლეგენდარული სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობისთვის და თბილი მიღებისთვის. კერძები, სიმღერა, ცეკვა, რომლებითაც ჩვენ მალე დავტკბებით უბრალოდ საუცხოოა, ისევე საუცხოო, როგორც ყველაფერი თქვენს ქვეყანაში და ჩვენ მადლობას მოგახსენებთ გაზიარებისთვის.

ათასწლეულების განმავლობაში ქართველებმა დაამტკიცეს თავიანთი ვაჟკაცობა, დამოუკიდებლობის სიყვარული, რომ ისინი მზად არიან იბრძოლონ იმისთვის, რაც სწამთ, იბრძოლონ ბოლომდე. ამ მხრივ, თქვენ გამოგარჩევთ ჩვენი მიწისთვის დამახასიათებელი სულისკვეთება, დამოუკიდებლობის სულისკვეთება, რომელიც საერთოა ქართველებისა და ამერიკელებისთვის.

როგორც კი თქვენს ქალაქში ჩამოვფრინდით, ჩემზე და კერენზე უდიდესი ემოციური გავლენა იქონია მოქალაქეთა ხილვამ, რომლებიც ამერიკული და ქართული დროშების ფრიალით დაგვხვდნენ. ამან მართლაც მძლავრი ემოციები აღძრა ჩვენში. მე ქართველი ხალხი გავიცანი თქვენი სახით. ასე რომ, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ შორის არსებული ძლიერი კავშირები და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული კიდევ უფრო განმტკიცდება თქვენი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. ასე რომ, მადლობას მოგახსენებთ გულთბილი მასპინძლობისთვის.

ჩემთვის უდიდესი პატივია, წარმოვადგენდე ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ დიდი ისტორიის მქონე უძველეს ქვეყანაში“, – განაცხადა მაიკ პენსმა.

banner
წინა სტატიაშიმაკკეინის მუქარა: პუტინს მაინც ვაზღვევინებთ
შემდეგი სტატიათქვენთან ერთად ვართ ძალისხმევაში, რომელიც მშვიდობიანი მსოფლიოს შექმნას ემსახურება – გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პენსს მიმართავს