მაგნიტი, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს – ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერიმენტი!

მაგნიტი, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს - ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერიმენტი!

gepeiცოტა ხნის წინ „თაიმერმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ აფხაზეთიდან დევნილ ინჟინერთან, ვლადიმერ მისაბიშვილთან, სათაურით – „აფხაზეთიდან დევნილი გენიოსი, რომელიც შეცვლის მსოფლიოს“. ამონარიდი სტატიიდან: „ის ერთი ჩვეულებრივი ინჟინერია, აფხაზეთიდან დევნილი. გაიცნობთ და თუ მასთან ციფრებზე მოგიწევთ საუბარი, მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდებით, რომ არაორდინალური ნიჭის პატრონთან გაქვთ საქმე.
_ ვინა ხართ თქვენ? – ეს კითხვა ინჟინერს პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა მას შემდეგ დაუსვა, რაც ამ არაჩვეულებრივი ნიჭის ჩვეულებრივმა ადამიანმა 102-ნიშნა რიცხვიდან ფესვი ამოიყვანა და ამ პროცესს სულ რაღაც 2 წუთი მოანდომა.
_ ინჟინერი ვარ, „გეპეი“ დავამთავრე, – იყო პასუხი“...
„თაიმერი“ დაინტერესდა, რა გაგრძელება მოჰყვა ექსპერიმენტს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა.
გვესაუბრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ზურაბ გასიტაშვილი:
_ რაიმე სპეციალიზებული პროგრამა ინოვაციის გამოსავლენად არ არის. დარგობრივი ჭრილის მიხედვით, ეს არის ნებისმიერი ფაკულტეტის მიმართულება, აქ არიან კვალიფიციური პროფესორები, კონკრეტულ მომენტში ჩვენ შეგვიძლია მოვიწვიოთ ექსპერტებად დარგის მეცნიერები და ესა თუ ის გარედან (ასე ვთქვათ) შემოსული წინადადება განვიხილოთ, შევაფასოთ. ტექნიკური უნივერსიტეტი ვერ მოახერხებს, ეძებოს განსაკუთრებული ნიჭის ადამიანები, მაგრამ თუ მოგვმართავს ადამიანი, შეგვიძლია გავუწიოთ ინტელექტუალური დახმარება, მივცეთ გზა, როგორ მოახდინოს თავის რეალიზაცია როგორც მეცნიერულად, ისე ორგანიზაციულად და ხელი შევუწყოთ. მეტიც, ახლა გვაქვს ერთი პროექტი, რომელიც ეხება მაგნიტური ენერგიის წყაროზე ელექტროენერგიის მიღებას. გენერატორი ტრიალებს და დიდი ხნის განმავლობაში იძლევა ელექტროენერგიას. მას არ სჭირდება დამატებითი ენერგიის მინიჭება.
_ ვისი პროექტია ეს?
_ არის ასეთი მეცნიერი ჯემალ გოგისვანიძე, რომელმაც ოჯახურ პირობებში მუშაობს.
_ სახლში?
_ დიახ, გლდანში, ოთხოთახიან ბინაში. კაცს უყვარს თავისი საქმე და რა ქნას? ახლა ექსპერიმენტის გამოცდის ეტაპია, ჩვენ დავუფინანსებთ გრანტს, რათა შევამოწმოთ. აქ არის რისკი, შეიძლება იდეამ არ გაამართლოს, მაგრამ ეს თემა იმდენად მნიშვნელოვანია, ღირს! ეს არის სასიცოცხლო თემა. პრაქტიკულად, გარემოს არანაირი დაბინძურება არ მოხდება, ისე შეგიძლია მიიღო ელექტროენერგია! ეს არის უნიკალური რამ, რამაც შეიძლება მთელი საავტომობილო ინდუსტრია შეცვალოს! ანუ: მრგვალი ფორმის (ფორმის შეცვლა შეიძლება) „ჭურჭელში“ ჩაწყობილია მაგნიტები. ბატონი ჯემალი ამბობს, რომ შეუძლია, მიიღოს ასჯერ მეტი სიმძლავრის ელექტროენერგია, ვიდრე ახლა ღებულობს, რაც გამოყენებით ხასიათს მისცემს ენერგიას. მაგნიტი თავის თვისებებს დაახლოებით 40 წლის განმავლობაში არ დაკარგავს და მუდმივად იქნება მუშა მდგომარეობაში. ეს რას ნიშნავს? საავტომობილო ინდუსტრიაში ელექტროენერგიის დამოუკიდებელი წყარო იქნება. დღეს აკუმულატორი იმუხტება ბენზინის დაწვით, რის შედეგადაც იკვებება ავტომობილი. თუ ექსპერიმენტი წარმატებული იქნება, ავტომობილი იმოძრავებს მაგნიტისგან მიღებული ელექტროენერგიით. წარმოგიდგენიათ, ეს ეკოლოგიურად როგორი სუფთა იქნება? ამ გამოგონებას უნიკალური დანიშნულება აქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
_ თუ გაამართლებს ექსპერიმენტი, კარგი იქნება.
_ დიახ, თუ გაამართლებს. მინდა გითხრათ, რომ დასავლეთში სახელმწიფო ბანკს უფინანსებს რისკს. თუ ბანკი მსგავს შემთხვევაში წაგებას ნახულობს, სახელმწიფო მას 20%-ს უნაზღაურებს… ანუ სტიმულს აძლევს ინოვაციების განვითარებას. ბევრი მექანიზმი არსებობს ქვეყანაში ინოვაციების ასამოძრავებლად. რა თქმა უნდა, ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერესიცაა, რომ გარკვეული თემები გაცოცხლდეს და მოხდეს მათი რეალიზაცია.
_ რა თვისება აქვს ამ ასე ვთქვათ მოწყობილობას?
_ მაგნიტი წრეზეა განლაგებული, ღერძი მიზიდულობის ძალით ატრიალებს. ეს იქნება სპეციალურ ყუთში მოთავსებული, ველი მოქმედებს მასალაზე, რკინაზე, ადამიანის მიმართ არა აქვს უარყოფითი მოქმედება, ანუ გავლენას ვერ მოახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

teq-gepeia
_ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიყავით უნიკალური ექსპერიმეტის მონაწილენი, როცა აფხაზეთიდან დევნილმა ინჟინერმა 100- და 102-ნიშნა რიცხვიდან ამოიღო ფესვი. რა ბედი ელის ამ ადამიანს?
_ მასზეა დამოკიდებული. ეს არის უნიკალური პროექტი, საუბარია 100-ზე მეტნიშნა რიცხვიდან 26 ხარისხის ფესვის ამოღება. ეს არის უნიკალური ქმედება, რაც კომპიუტერსაც კი უჭირს, გარკვეული დრო და ოპერაცია სჭირდება. ამ ადამიანის ალგორითმი არის არა ინტიუციური, არამედ მიგნება. ბატონი ვლადიმერ მისაბიშვილი 100-თანრიგა რიცხვს არ განიხილავს, უყურებს დასაწყისს და ბოლოს და ამ თანრიგებზე 2- წუთიანი დაკვირვების შემდეგ ამოჰყავს 26 ხარისხად ფესვი. ესე იგი, აქვს მეთოდი, რომელიც შეიძლება ისეთი უნიკალურია, რომ კომპიუტერული არითმეტიკა შეცვალოს, კომპიუტერში შეამციროს ოპერაციათა რაოდენობა. ამ კაცს აქვს თავისი უნიკალური მეთოდი, არავინ მოჰპარავს ამას, მაგრამ ფიქრობს, ვინმემ რამე არ წაართვას. მზად ვართ, დავასაქმოთ ეს ადამიანი ერთ-ერთ საუნივერსიტეტო ცენტრში და დავუფინანსოთ ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოში თავისი ალგორითმი, როგორც საკუთრება. ესაა გარანტია, რომ მას არავინ შეედავება. ამის შემდეგ მას შეუძლია გახსნას ალგორითმი… კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან, ჩვენს პროფესორს რამაზ გახოკიძეს უნიკალური მიგნება აქვს, რაც გულისხმობს მცენარის თესლის დამუშავებას. მასალა, რისგანაც მუშავდება მცენარის თესლი, როგორც სტიმულატორი, ისე მოქმედებს.
_ კონკრეტულად?
_ იზრდება ფესვთა სისტემა, ისე, რომ ძალიან ღრმად ჩადის მიწაში, სადაც საკვები მეტი აქვს, შედეგად კი ვღებულობთ გაზრდილ მოსავალს. მეტიც, მაგალითად მოვიყვან ჭარხალს, მსგავსი დამუშავების შემდეგ იზრდება მასში შაქრის შემცველობა. რატომ მოგიყევით? – ეს რამაზ გახოკიძემ 15 წლის წინ გამოიგონა, მაგრამ დღემდე ვერ ამოქმედდა.
_ გასაგებია, ზოგჯერ საზოგადოება არაა მზად, ზოგჯერ – ხელისუფლება, ზოგჯერ – თავად ავტორი.
_ მეცნიერი თავის გამოგონებას ისე უყურებს, როგორც მეცნიერი და არა როგორც ბიზნესმენი. მეცნიერმა გამოიგონა და არ იცის მეორე სფერო – ორგანიზება.
_ უნივერსიტეტი შეძლებს, მსგავს ადამიანებს დაეხმაროს?
_ ჩვენ შეგვიძლია კვალიფიციური ბიზნესგეგმის შედგენა, რაც ძვირადღირებული სიამოვნებაა. კვალიფიციური ბიზნესგეგმა თავად ბიზნესის 5%-ია.
_ წარმოიდგინეთ, ბიზნესი 100-მილიონიანი რომ იყოს.
_ 100-მილიონიანი კრედიტი უნდა აიღო და 5 მილიონმა უნდა უზრუნველყოს 100 მილიონის გარანტია.
_ მსგავს პროექტს ტექნიკური უნივერსიტეტი ვერ გააკეთებს.
_ ვერა, ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ უნივერსიტეტებში გაძლიერდეს ინოვაციური მენეჯმენტი.
_ ინოვაციური სააგენტო ხომ შეიქმნა?
_ კი, მსგავსი სააგენტოები სახელმწიფომ, ჩემი აზრით, უნდა დააფინანსოს უნივერსიტეტებში.
_ არ ყოფილა ამ თემაზე საუბარი?
_ მსოფლიო ბანკთან გვქონდა ურთიერთობა. ითქვა, რომ მთავრობის წინაშე დააყენებდნენ ამ საკითხს. გეგმის ამოქმედებას დრო და ბიუჯეტი სჭირდება. ალბათ, ეტაპობრივად, მსოფლიო ბანკის დახმარებით, გადავალთ ამ ეტაპზე.

 

ინტერვიუ მომზადდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელშეწყობით.

banner
წინა სტატიაშილევან თარხნიშვილი: ხელისუფლების მხრიდან ამ კომპანიის მიმართ გარკვეული ინტერესები იკვეთება
შემდეგი სტატია29 თებერვალიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს