მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირებს საგადასახდო შეღავათები შეუნარჩუნდებათ

პარლამენტი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს, რომლის გათვალისწინებით, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირებს საგადასახდო შეღავათები შეუნარჩუნდებათ.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გია ვოლკის, გია ჟორჟოლიანისა და მირიან წიკლაურის მიერ მომზადებული პროექტი შევიდა, რომელსაც უწყება მიმდინარე სასესიო კვირას განიხილავს.

ცვლილებებით, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირი, რომლის კმაყოფაზეა 18 წლის ასაკს მიუღწეველი სამი ან მეტი შვილი, მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება.

გარდა ამასა, პროექტით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირს, რომლის კმაყოფაზეა ერთი ან ორი 18 წელს მიუღწეველი შვილი, მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული 3 000 ლარამდე შემოსავლის გადასახადი 50%-ით უმცირდება – ანუ არსებული 20%-ის ნაცვლად, მისი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 10%-იან დაბეგვრას ექვემდებარება.

ინიციატივით, საგადასახადო შეღავათი ასევე, მაღალმთიან დასახლებაში არასაბიუჯეტო, კერძო ორგანიზაციაში დასაქმებულ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირს ეხება – ასეთ ორგანიზაციაში წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული 6 000 ლარამდე შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.

ამასთან, პროექტით, ძალაში რჩება საგადასახადო შეღავათები იმ პირთათვის, რომლებიც 2016 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი „მთის კანონით“ მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ. მათთვის 2016 წლის პირველ იანვარამდე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები კვლავაც განაგრძობს მოქმედებას.

საგადასახდო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ტყიბულელ მეშახტეებსაც შეეხება.

banner
წინა სტატიაშიმერკელმა თავისი მმართველობის პერიოდში ყველაზე რთულ გამოცდაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიააშშ-ში შვილების მკვლელი წარმოშობით ყაზახი აღმოჩნდა