ლუკა კურტანიძე: პატრიარქსაც შეიძლება ჰქონდეს უფლება გამოხატოს სურვილი დაეხმაროს საქართველოს

თუ ზვიად ქორიძეს აქვს უფლება ადამიანები შეიწყალოს, პატრიარქსაც შეიძლება ჰქონდეს სურვილი, დაეხმაროს სახელმწიფოს , – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლუკა კურტანიძემ განუცხადა.
კურტანიძე პატიმართა შეწყალების უფლების მინიჭების თაობაზე პატრიარქის სურვილს გამოეხმაურა და რიგი კოლეგის მსგავსად აღნიშნული ინიციატივა მოიწონა.
“ზვიად ქორიძეს თუ აქვს უფლება, რომ ადამიანები შეიწყალოს, საქართველოს პატრიარქსაც შეიძლება ჰქონდეს უფლება გამოხატოს სურვილი დაეხმაროს საქართველოს და როგორც ჩვენი მოძღვარი ჩაერთოს სახელმწიფოს იმ პროცესში, რასაც შეწყალება ჰქვია”, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ორი დღის წინ სურვილი გამოთქვა, რომ მას, როგორც პატრიარქს პატიმართა შეწყალების უფლება ჰქონდეს. საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტსა და პარლამენტს აღნიშნული წინადადების განხილვის ინიციატივით მიმართა, თუმცა გუშინ საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ მისი უწმინდესობის მხრიდან გამოითქვა პატიმრებისადმი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა ამ წინადადების საკანონმდებლო დონეზე განხილვის მოთხოვნა.

banner
წინა სტატიაშიბერლინიდან ეგვიპტეში მიმავალი თვითმფრინავი ტერაქტის საფრთხის გამო ადრე დაეშვა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ადგილმდებარეობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი