ლუკა კურტანიძე : მადლობას ვწირავ მამა ღმერთს, რომ ღირსმყო, ამ ღირსეულ ადამიანებთან ერთად ერთგულად მოვმსახურებოდი ქვეყანას

მინდა, ამ მოწვევის პარლამენტში ჩემი ბოლო სიტყვა მადლობით დავიწყო და მადლობით დავასრულო, – ამის შესახებ დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ დღეს მოწვევის პარლამენტში განაცხადა.

ლუკა კურტანიძე მადლობას უხდის ყველას, ვისთან ერთადაც მთელი საქართველოსთვის იბრძოდა.

„მინდა, ჩემი ამ მოწვევის პარლამენტში ბოლო სიტყვა მადლობით დავიწყო და მადლობით დავასრულო. მინდა, სრულიად საქართველოს, თითოეულ თქვენგანს, ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ერთი-მეორეს იმედად ვიბრძოლეთ მართალი საქართველოსათვის, წმიდა ღმერთისა და ერის წინაშე მადლობა გადაგიხადოთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, თითოეული წუთისა და წამისთვის, რომელიც აქ გავატარე, მაქვს შეგრძნება, რომ მართალი საქართველოსთვის გავატარეთ და ამ შეგრძნებისათვის მადლობა მინდა გითხრათ. მადლობა მინდა შევწირო მამა ღმერთს, რომ ღირსმყო ამ ღირსეულ ადამიანებთან ერთად მოვმსახურებოდი ქვეყანას ერთგულად. თითოეულ თქვანგანს და საქართველოს მინდა წარმატება ვუსურვო”, – აღნიშნა დეპუტატმა.

ლუკა კურტანიძის თქმით, იგი მომავალშიც ხალხის თანამებრძოლი იქნება.

„როგორც პარლამენტარმა და ამ ქვეყნის მოქალაქემ მინდა ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, სადაც არ უნდა ვიყო მომავალში, იცოდეთ, რომ ვარ თქვენი თანამებრძოლი, „ქართული ოცნების“ – ერისკაცის ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი, რომელიც ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლებს ღირსეული, მართალი, მთლიანი სახელმწიფოსათვის, რომელსაც საქართველო ჰქვია. კიდევ ერთხელ მინდა სრულიად საქართველოს გისურვოთ აყვავებული, გამთლიანებული საქართველო აფხაზებთან, ოსებთან და დანარჩენებთან ერთად. ჩვენ გვაქვს მაგალითი რომ ჩვენს გვერდით სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა ერის წარმომადგენლები მშვიდობიანად ცხოვრობენ და „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის იდეის ქვეშ გაერთიანებული ხალხი, რომელიც გამარჯვებული იქნება. ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა ამ მოწვევის პარლამენტში და უდიდესი სიყვარულით მადლობას გიხდი“, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ევროპულ საბჭოში ვერც დღეს მიიღეს
შემდეგი სტატიასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, ცესკო პირველ სხდომას გამართავს