ლონდონში ალმოდებული შენობიდან გადმოგდებული ჩვილი დაიჭირეს

ლონდონში კენსინგტონის უბანში მდებარე 24-სართულიან სახლში შუა ღამით გაჩენილი ხანძრის შესახებ თვითმხილველები დაუჯერებელ და საზარელ ფაქტებს იხსენებენ, თუმცა ყველაზე ემოციური მე-10 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ამბავია, რომელიც გადარჩა.

კიდევ ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ ქალმა დაახლოებით 5 წლის ბიჭი მეხუთე სართულიდან გადმოაგდო, რათა გადაერჩინა, თუმცა, ბავშვს მოტეხილობები აქვს.

ლონდონის პოლიციის ცნობით, 24-სართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდა კიდევ არის მოსალოდნელი. 50-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება.

ლონდონში მცხოვრებმა სამირა ლამრანიმ Telegraph-თან საუბარში თქვა, რომ ასეთი ემოციური და მძიმე სურათი არასდროს უნახავს.

„ეს მოგონება, ეს ხმები ჩემი გონებიდან არასოდეს ამოვა. დედა შვილის გადარჩენას ცდილობდა. მან ბავშვი მე-10 სართულის ფანჯრიდან გადმოაგდო და ქვევით მდგომმა მამაკაცმა დაიჭირა. ბავშვს არაფერი დაშავებია, უბრალოდ შოკში იყო. დედა სახლში დარჩა და ფანჯრიდან უყურებდა, რომ მისი შვილი გადარჩა. ახლა არ ვიცი, ის ქალი სად არის. იმედი მაქვს, ისიც ცოცხალია.“ – თქვა სამირა ლამნარიმ.

გრენფელ ტაუერში მცხოვრები სარა იხსენებს, როგორ ცდილობდა მისი მეზობელი ხანძრის დროს ზეწრებით პარაშუტის გაკეთებას, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ის რამდენიმე საათის შემდეგ მაშველებმა სასუნთქი გზების დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„თავი საშინელებათა ფილმში გეგონებოდათ.“ – იხსენებს სარა. – „ვიღაც ქალი ყვიროდა, შვილი გადამირჩინეთო“.

banner
წინა სტატიაშიროსტომაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
შემდეგი სტატიაროსტომაშვილი არამარტო იუმორისტია, არამედ არის საშინელი მევახშე