ლინას ლინკევიჩუსი: საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ე.წ. შეჩერების მექანიზმის დამტკიცებისთანავე დასრულდება

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი მიიჩნევს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ყველაზე გვიან შემოდგომის დასაწყისში დასრულდება. ამის შესახებ ლინას ლინკევიჩუსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლიტვის მთავარი დიპლომატის თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ მიიღებს.

“საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. ვერ ვიტყვი, რომ მზად ვართ, გადაწყვეტილება ახლავე მივიღოთ, თუმცა ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკური მოლაპრაკებები. ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ კრიტერიუმები, პირობები. ზოგადი განწყობა იყო ძალიან პოზიტიური. ჩვენ მიზანმიმართულად პროცესს არ გავაჭიანურებთ. ვერ ვიტყვი, რომ პროცესი მალე დასრულდება, თუმცა მჯერა, რომ როგორც კი შეჩერების მექანიზმზე შევთანხმდებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესიც დასრულდება. ეს ასევე დამოკიდებულია ევროპარლამენტზე. მჯერა, რომ ყველაზე გვიან, შემოდგომის დასაწყისში პროცესი დასრულდება”, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

ამასთან, ლინას ლინკევიჩუსმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის საბჭოში არავინ ეწინააღმდეგება.

https://youtu.be/Yh3F_G9lsio

 

banner
წინა სტატიაში“აღნიშნული პიროვნება სუს-ის თანამშრომელი არასდროს არ ყოფილა”
შემდეგი სტატიაფოთის პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს