ლია გიგაური: ნუ იფიქრებენ ცალკეული ჯგუფები, რომ მხოლოდ მათ ედარდებათ მომავალი თაობა

ჩვენი შვილების აღზრდაზე ზრუნვას ინსპირირება არ სჭირდება, ნუ იფიქრებენ ცალკეული ჯგუფები, რომ მხოლოდ მათ ედარდებათ მომავალი თაობა, მხოლოდ მათ აკისრიათ აღზრდისა და მენტორის როლი,- ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხოდმაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა სხვა შემთხვევა, როდესაც ასე ღიად, საჯაროდ იქმნება ეროვნული სასწავლო გეგმა და ეს არ ეხება მხოლოდ ახალ საგანს – „მე და საზოგადოება“.

„ყველა საგნის სასწავლო გეგმებზე, სტანდარტებზე მუშაობა აბსოლუტურად გახსნილი იყო. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ „მე და საზოგადოება“ სრულიად ქართული პროექტია და ჩვენი ბავშვების საჭიროებებზეა მორგებული. მე მგონი, ინსპირირება არ სჭირდება ჩვენი შვილების აღზრდაზე ზრუნვას. ყველა ჩვენგანი დაინტერესებულია და ნუ იფიქრებს ცალკეული ჯგუფი, რომ მხოლოდ მათ ედარდებათ მომავალი თაობა, მხოლოდ მათ აკისრიათ აღზრდისა და მენტორის როლი“,-აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, „მე და საზოგადოება“ არის საგანი, რომელიც ბავშვს ცოდნას აძლევს საკუთარ გარემოსა და საზოგადოებასთან დაკავშირებით, ასწავლის მშვიდობიან თანაარსებობას, ასწავლის პასუხისმგებლობას საკუთარ თავთან, ოჯახთან, ახლობლებთან, მეგობრებთან, სკოლასთან და სახელმწიფოსთან.

მისივე განცხადებით, ძალიან ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვა ითქვა პედაგოგების მიმართ, ასევე ზოგადად, თურმე როგორ ცდილობს სისტემა მოსწავლეების გარყვნას.

„ჩვენ, აქ მყოფმა ადამიანებმა შეიძლება, გაპატიოთ ასეთი შეურაცხყოფა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 60-ათასიანი მასწავლებლების არმია ამას არავის აპატიებს, რადგან ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ყოველი დღე, ყოველი წუთი მათ მოახმაროს. არ შეიძლება ასე პედაგოგთა კორპუსზე საუბარი. ნამდვილად არ შეიძლება ასეთი ეჭვები გვქონდეს სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ’,-აღნიშნა ლია გიგაურმა იმ პირების მისამართით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახალი საგანი გარყვნილების პროპაგანდაა.

როგორც გიგიაურმა განმარტა, ნათელია ჩვენი ქვეყნის განათლების ეროვნული მიზანი, ეს გახლავთ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე მოქალაქის აღზრდა.

„სად ხედავთ აქ ეროვნულ ან ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებში გარყვნის ელემენტებს. ნამდვილად სირცხვილია აპელირება ამ საკითხზე, რომელზეც არაერთხელ იყო პასუხი გაცემული. რაც შეეხება ცალკეულ შეფასებებს და დეტალებში ჩაღრმავებას – ამაზე შეიძლება პროფესიონალებმა იმსჯელონ, ვინც კარგად იცის ეროვნული სასწავლო გეგმის სპეციფიკა, ვინც კარგად ფლობს თითოეულ სასწავლო გეგმას, იცის მეთოდიკა, თანამედროვე სასწავლო სტრატეგიები, ბოლო 20 წლის განმავლობაში, როგორ ვითარდება სწავლების ტექნოლოგიები. ეჭვების დონეზე, 20 და 10 წლის წინ ჩამოყალიბებული სტერეოტიპების დონეზე მე მგონი არ უნდა მსჯელობდეთ“,-განაცხადა განათლების მისიტრის მოადგილემ.

როგორც ლია გიგაურმა აღნიშნა, სახელმწიფოს კონსტიტუციური უფლება აქვს ბავშვების აღზრდასთან და განათლებასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამას უნდა უპასუხოს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე: კობა გვენეტაძეს კანდიდატურას ჩვენ მხარს ვუჭერთ
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: გამოძიება დაიწყო…ნურავინ შეეცდება პროკურატურაზე ზეწოლას