ლევან შონია განცხადებას ავრცელებს

მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების და გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ჩემს ახლო ნათესავებთან ერთად ჩართული ვარ თხილის ბიზნესში და ვახდენ აფხაზეთიდან თხილის გადმოტანას.
ცალსახად ავღნიშნავ, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რაც მიზნად ისახავს ჩემი, როგორც გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შელახვას, რასაც გარკვეული პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნოდ იყენებენ. მსგავს თემებზე აპელირების დროს პოლიტიკური ძალები და მედია ახდენს ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას, არ აქვთ ფაქტები, წყაროები და ხდება მხოლოდ იმის გაჟღერება რაც ოპონენტი პარტიების სურვილია.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე, არც ჩემი ძმა და არც სხვა ნათესავები ჩართული არ არიან თხილის ბიზნესში და არც 12 მარტს გადაცემა ბიზნეს კურიერში ნახსენებ ზუგდიდის ბაზრის ე.წ. ბიზნეს ინტერესებში. აქვე აღვნიშნავ, რომ სიუჟეტში ნეპოტიზმთან დაკავშირებით გაკეთებული აქცენტები, შეიცავდა მხოლოდ ბრალდებებს და იყო სიცრუე.
ჟურნალისტს, როგორც ნეპოტიზმის, ასევე საკოლმეურნეო ბაზრის და თხილის საკითხის განხილვის დროს არ მოუყვანია მეორე მხარის პოზიცია. ჟურნალისტი ტელეფონით დამიკავშირდა, შეხვედრაზე ყოფნის გამო პრესსამსახურთან გადავამისამართე, თუმცა ამის შემდეგ თემის გარკვევა ჟურნალისტს არც პრესსამსახურთან და არც ჩემთან უცდია. სიუჟეტში მოხდა მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესის გატარება და რეალურად არ მომხდარა სიმართლის გამოკვლევა. ჟურნალისტმა არ სცა პატივი სიმართლეს, არ გამოიკვლია ის, არ გადაამოწმა ფაქტები და ენდო მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას და დაიცვა მისი ინტერესები.
გადაცემა „ბინზეს კურიერში“ გასული ცალმხრივი და მიკერძოებული სიუჟეტის გამო, მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რადგან მიგვაჩნია, რომ დაირღვა ქარტიის პირველი მუხლი – ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
რაც შეეხება თხილი ბიზნესს და მონოპოლიას – საბედნიეროდ საქართველოში დასრულდა დრო, როდესაც ცალკეული პოლიტიკური ფიგურები და მაღალი თანამდებობის პირები ახდენდნენ ბიზნესის მონოპოლიას. ყველას კარგად გვახსოვს, რომ 2012 წლამდე თხილის ფასს რეგიონში ყოფილი პრეზიდენტის ძმის ქარხანა არეგულირებდა (თხილის ფასი ამ პერიოდში 3-4 ლარს არ ცდებოდა). ჩვენი ხელისუფლებაში მოვლის პირველივე წელს კი ერთი კილოგრამი თხილის ფასმა ისტორიულ ნიშნულს 14 ლარს მიაღწია, საბედნიეროდ დღეს თხილის ფასს განსაზღვრავენ არა ცალკეული თანამდებობის პირები და მათი ახლობლები, არამედ განსაზღვრავს ბაზარი და მისი მოთხოვნები.
ლევან შონია
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი

banner
წინა სტატიაშისტუდენტები თსუ-ში საპროტესტო აქციას ხვალ, 12:00 საათისთვის გეგმავენ
შემდეგი სტატიასოფელ ჯარიაშენთან მობილიზებულია მძიმე ტექნიკა