ლევან მდინარაძე – 2011 წელს, გიორგი ონიანის ბრძანებით, ბერასთან მეგობრობისა და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამო დამაკავეს

ბევრად მეტს ველოდი, ვინაიდან იმ პერიოდში ჩემნაირად ბევრი სხვა ადამიანი გამწარდა, – ამის შესახებ ლევან მდინარაძემ (დიჯეი რემბო) გოგა ონიანის განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

ლევან მდინარაძე პირველ არხთან 2011 წლის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ გოგა ონიანის ბრძანებით, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავეს. ამის მიზეზად მდინარაძე „ქართული ოცნების“ აქტივისტობას და ბერასთან მეგობრობას ასახელებს.

„საკუთარი სახლის სადარბაზოდან გამოვდიოდი, როდესაც ონიანის ბრძანებით, დამადეს ხელბორკილები, არანაირი უფლებები არ განმიმარტეს, ჩამტენეს მანქანაში, საიდანაც დაიწყო ჩემზე წნეხი“, – განაცხადა ლევან მდინარაძემ.

მისი თქმით, როდესაც გიორგი ონიანს დაკავების მიზეზების განმარტება მოსთხოვა, ონიანმა უპასუხა, რომ ბრალი ედებოდა სახელმწიფო ღალატში.

„ასე მითხრა, რომ მივალთ, აზრზე არ ხარ, რა გელოდებაო. რომ ვკითხე, კონკრეტულად რისთვის დამიჭირეთ-მეთქი, ასე მითხრა, ბერასთან რომ მეგობრობ და „ქართული ოცნების“ აქტივობებში მონაწილეობ, იმიტომ დაგიჭირეთო“, – იხსენებს ლევან მდინარაძე.

როგორც მან პირველ არხს განუცხადა, გოგა ონიანი სამართალდამცავ უწყებებთან სთხოვდა თანამშრომლობას, კერძოდ, მდინარაძეს ბერასა და მისი ოჯახის წინააღმდეგ უნდა ესაუბრა. როდესაც მდინარაძე ამ შეთავაზებას არ დათანხმდა, ონიანმა უთხრა, რომ 6-დან 9 წლამდე მოუწევდა პატიმრობაში ყოფნა.

„იმავე დღეს წამიყვანეს ნარკოლოგიურში. არაფერი აღმომაჩნდა, რაღაცებზე მომაწერინეს ხელი, რის შემდეგაც „აღმჩნდა“, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში მედებოდა ბრალი“, – განაცხადა ლევან მდინარაძემ.

ადვოკატ გიორგი ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიმეხუთე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა – მმართველი გუნდი სამწლიან მუშაობას დადებითად აფასებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა