ლევან ხაბეიშვილი ვახტანგ შაქარიშვილის წინააღმდეგ საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს მიმართავს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს საჩივრით მიმართავს და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვახტანგ შაქარიშვილთან დაკავშირებით საქმის შესწავლას მოითხოვს.

ხაბეიშვილმა დოკუმენტი წარადგინა, რომლის მიხედვით, მისივე თქმით, შაქარიშვილის მეუღლის კომპანია „რეკ-დ“-ის თბილისის მერია ხელშეკრულებებს ტენდერის გარეშე, პირდაპირ უფორმებს. დოკუმენტების მიხედვით, ჯამში კომპანიისთვის 200 ათას ლარზე მეტია გადარიცხული.

„ის, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატს აფინანსებდნენ თბილისის ბიუჯეტიდან, დასტურდება დოკუმენტაციით; შემოსული თანხები მას არ ჰქონდა ასახული დეკლარაციაში და ეს დასტურდება კონკრეტული დოკუმენტაციით; ის, რომ ყველაზე აგრესიულ დეპუტატს ჩვენი მოქალაქეების სახსრებიდან ურიცხავენ ასიათასობით ლარს, ესეც დასტურდება დოკუმენტაციით. არაფერი დარჩენია საჯარო სამსახურის ბიუროს გარდა იმისა, რომ ეს საქმე კანონის შესაბამისად ბოლომდე მიიყვანოს. კონკრეტული ადამიანის, ამ შემთხვევაში, ვახტან შაქარიშვილის დაჯარიმება მოხდეს კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით ხაბეიშვილი პროკურატურასაც მიმართავს.

მისი მტკიცებით, ვახტან შაქარიშვილის მეუღლის კომპანიისთვის ტენდერის გარეშე გადარიცხული ფული, ახალი წლის ღონისძიებებისთვის ერთჯერადად გამოყოფილი თანხაა.

„მნიშვნელოვანია პროკურატურამ გამოიძიოს როგორ და რისთვის მისცეს ვახტანგ შაქარაშვილის მეუღლეს ბიუჯეტიდან ტენდერის გარეშე 200 ათას ლარზე მეტი. ეს არის საახალწლო ღონისძიებებისთვის ერთჯერადად გამოყოფილი თანხა.

რატომ არ მოხდა ტენდერის ჩატარება; რატომ გაფორმდა ერთ პირთან მოლაპარაკებით ხელშეკრულება; როგორ აღმოჩნდა, რომ დეპუტატი შაქარიშვილი მალავს ამ თანხებს; როგორ აღმოჩნდა, რომ ის არის ყველაზე აგრესიული საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ – ამ ყველაფერზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, ხომ არ გვაქვს საქმე პოლიტიკურ კორუფციასთან“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი – ტყიბულში პრემიერის დავალებით ჩამოვედით, რათა მთავრობის სახელით სამძიმარი გადავცეთ ოჯახებს
შემდეგი სტატიაპირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს 14:00 საათზე დაიწყება