ლევან კალანდაძე: გვაქვს გარკვეული პრობლემები, ბუნებრივია, მაგრამ თანდათანობით დარეგულირდება

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ ლარის კურსის დღევანდელი ცვლილებები რაიმე ეკონომიკური ფაქტორით გამოწვეული არ ყოფილა.

როგორც კალანდაძე აღნიშნავს, სახეზე იყო აჟიოტაჟური და პანიკური ფონი, რაც მნიშვნელოვანწილად გამოიწვია იმ გაუგებრობამ, რაც საზოგადოებაში მთავრობის ახალი ინიციატივების შემდეგ შეიქმნა.

„პანიკური ქცევის წესი რამდენიმე საათის განმავლობაში ჩამოყალიბდა და საზოგადოების და ბიზნესის ნაწილმაც გაურკვევლობების ფონზე გაზარდეს დოლარზე მოთხოვნა. ამან საბოლოო ჯამში, გამოიწვია ის, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა ლარის კურსმა“, – განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, აჟიოტაჟი ძალიან სახიფათოა, რადგან იწვევს არარაციონალურ გადაწყვეტილებებს ვალუტის შეძენასთან დაკავშირებით.

„როგორც წესი, ეს პანიკური ფონი მალე მინელდება ხოლმე და შემდეგ რეალურ საბაზრო ნიშნულს უბრუნდება კურსი. საგანგაშო სიტუაცია არ არის. გვაქვს გარკეული პრობლემები, ბუნებრივია, მაგრამ თანდათანობით დარეგულირდება“, – განაცხადა კალანდაძემ.

ექსპერტი საზოგადოებას ურჩევს, არ აყვეს შექმნილ აჟიოტაჟს და ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, ჩაერიოს სიტუაციის დარეგულირებაში.

„იმედი მაქვს ეს თემა ხვალისთვის ნაკლებად აქტუალური იქნება, თუმცა ეროვნული ბანკი მაინც მზად უნდა იყოს, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი მონეტარული ინსტრუმენტები გამოიყენოს“.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამი ახალი წევრი ჰყავს
შემდეგი სტატიაექსპერტები საწვავთან ერთად, ფასების ზრდას პურზე, ტრანსპორტსა და ელექტროენერგიაზე ელოდებიან