ლევან იზორია : უსაფუძვლო, მტკიცებულებების გარეშე კრიტიკას ხელმოცარული პოლიტიკოსების კრიტიკას დავარქმევდი

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პოლიტიკური ოპონენტების მიერ მისი მისამარით გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.

როგორც მან გადაცემა „პოლიტიკაში“ განაცხადა, თუ ცალკეულ პოლიტიკოსებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ კრიტიკა გააჩნდა, ამის შესახებ ღიად უნდა ესაუბრათ.

„უსაფუძვლო, მტკიცებულებების გარეშე კრიტიკას ხელმოცარული პოლიტიკოსების კრიტიკას დავარქმევდი. ასეთი კრიტიკა მთელი ოთხი წლის განმავლობაში არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ვხვდებით ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებს, სადაც საზოგადოებას კითხვები და მტკიცებულებების მოთხოვნის განცდა უჩნდება, მაგრამ ეს მტკიცებულებები არ არსებობს“, – განაცხადა ლევან იზორია.

მისივე თქმით, „არასერიოზული ბრალდებაა, როდესაც მტკიცებულებების გარეშე ადამიანს რაღაცას აბრალებ“.

„რაც შეეხება ე.წ. ოდეერების ინსტიტუტს, სინამდვილეში ეს ინსტიტუტი არ არსებობს. სინამდვილეში არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლობა სხვადასხვა სტრუქტურაში. ეს აპრობირებულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორ ქვეყანაში“, – განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, თუ ცალკეული უწყება მსგავსი ინსტიტუტის საჭიროებას დაინახავდა, მას შეეძლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ხელშეკრულება გაეფორმებინა.

„ეს გადაწყვეტილება კოალიციურად იქნა მიღებული. ეს არ იცის საზოგადოებამ, მაგრამ ჩვენ ცალკე, განსაკუთრებული შეხვედრა გვქონდა „რესპუბლიკელიკური პარტიის“ წარმომადგენლებთან, რადგან მათ ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები და ვიტყოდი, საფუძვლიანიც. ამ მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო ის, რაც მივიღეთ. შესაბამისად, მემგონი იმ პარტიის წევრია თინათინ ხიდაშელი დღესაც, რომელმაც ამ უკვე მოდერნიზებულ ინსტიტუტს მხარი დაუჭირა.

თუ ასეთი კრიტიკა და გულისწყრომა ჰქონდა მას შინაგანად სუს-ის მიმართ, მაშინ პრინციპულად უნდა დაეფიქსირებინა ეს თავის დროზე, მაგრამ ამას ვერ გააკეთებდა, რადგან ამის მტკიცებულებები არავის გააჩნია“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

მინისტრის თქმით, თითოეულ მოქალაქეს მტკიცებულებების მოპოვება და წარდგენა შეუძლია, რის მაგალითადაც მან მაკედონიის მთავრობის გადადგომის მაგალითი მოიყვანა.

banner
წინა სტატიაშიობამას ქალიშვილი საშა რესტორანში ზღვის პროდუქტებს ყიდის
შემდეგი სტატიაოლიმპიურ ცეცხლს პელე არ აანთებს