ლევან იზორია: თავდაცვის ახალი მინისტრის უმთავრესი პრიორიტეტი საღი გონების პოლიტიკა იქნება

თავდაცვის ახალი მინისტრის უმთავრესი პრიორიტეტი საღი გონების პოლიტიკა იქნება, – ამის შესახებ ლევან იზორიამ უწყების თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა. მან მთავრობის მეთაურს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები გაგრძელდება.

70532498

„პირველ რიგში, ეს გულისხმობს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მეორე – საფრთხეებისა და რისკების შეკავებას, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების მდგრადი განვითარებით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით. პირველ კომპონენტზე როცა ვსაუბრობდი, მხედველობაში მქონდა, როგორც ქვეყნის შიგნით მშვიდობის უზრუნველყოფა, ისე, ბუნებრივია, ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში ჩვენი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში აქტიური მონაწილეობა, რასაც, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთგულად განვახორციელებთ. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, როდესაც საფრთხეების და რისკების შეკავებაზე ვსაუბრობ, როგორც პრიორიტეტზე და ამას ვხედავ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი პოლიტიკა არ იქნება არავის მიმართ საფრთხის შემცველი, მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის შესაძლებლობებზე მიმართული და ისიც, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად დახვეწით, რასაც, სწორედ ჩვენი პარტნიორების – ნატოს წევრი ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, წლების განმავლობაში მივაღწიეთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება და თავდაცვითი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაძლიერდება.

თავდაცვის ახალმა მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პროცესში პროფესიონალთა ჩართულობა. ლევან იზორია დარწმუნებულია, რომ თითოეული ჯარისკაცის მხარდაჭერა უწყების სიძლიერის საწინდარი იქნება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ზოგიერთებმა ჩემი მოწოდებები, რომ ერთმანეთს აღარ დავუპირისპირდეთ, ბოლშევიკურად ჩათვალეს
შემდეგი სტატია“უსაფრთხოების სამსახურიდან ადამიანის თავდაცვაში გადასვლა ძალიან მიღებული პრაქტიკაა”