ლევან იზორია – გამოძიება არა უკრაინულ ვებ-გვერდზე ატვირთული მასალების, არამედ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო

საქართველო ტერორიზმის მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში არ გადის, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, სსსკ-ის 315-ე მუხლით გამოძიება არა უკრაინულ ვებ-გვერდზე ატვირთული მასალების, არამედ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ამის შესახებ იზორიამ “მაესტროს ფაქტორში” სტუმრობისას განაცხადა.
“გამოძიებას საფუძვლად არ ედო ის ჩანაწერები, რომლებიც აიტვირთა უკრაინულ ვებ-გვერდზე, არამედ გამოძიებას საფუძვლად ედო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის დეტალებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, თუმცა საჯაროდ ამის შესახებ განცხადება გაკეთდა. რაც შეეხება შემდგომ, ამ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა სწორედ ამ ჩანაწერების უკრაინულ ვებ-გვერდზე ატვირთვა, რაც დამატებითი საფუძველი გახდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისთვის სწორედ იმ დაწყებული გამოძიების ფარგლებში. გამოძიების პროცესი დღესაც გრძელდება. ამაზე ახლო წარსულში ამერიკის ელჩმაც გააკეთა განცხადება და მან პირდაპირ თქვა, რომ ყველანაირი ძალადობის შემცველი მოწოდებები უნდა იყოს დაგმობილი და გაამართლა სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მოქმედება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ პროცესუალურადაც ვალდებულები ვართ, გამოძიება დავიწყოთ”, – განაცხადა იზორიამ.

საქართველო ტერორიზმის მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში არ გადის, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ "მაესტროს ფაქტორში" განაცხადა, სადაც ISIS-ის სახელით საქართველოს მიმართ გაჟღერებულ მუქარებს გამოეხმაურა.  "ჩვენ ყველა მუქარას, რომელიც იქნა საჯაროდ გაჟღერებული ტერორისტებისგან და ეს მუქარა უკავშირდება კონკრეტულად საქართველოს, სერიოზულად აღვიქვამთ. აქ მიდგომა არ არის კონკრეტულად დიფერენცირებული, შესაბამისად, ჩვენ მობილიზებას ვიჩენთ მაღალი ხარისხით და მაღალი პასუხისმგებლობით, რაც უკავშირდება რისკებისა და საფრთხეების თავიდან აცილებას. რაც შეეხება იმას, არის თუ არა საქართველო მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში ტერორისტებისთვის, ეს ასე არ არის. მათი ძირითადი სამიზნე არის ქვეყნები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ საომარ მოქმედებებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა ეს ჩვენ, უწყებას, რომელიც უშუალოდ არის სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, მოდუნების უფლებას არ გვაძლევს", – აღნიშნა იზორიამ. მისივე თქმით, თამაზ ჭაღალიძის მიერ გავრცელებულ მუქარის შემცველ ინფორმაციაზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 12 იანვარს დაიწყო, მურმან პაიჭაძის მიმართვაზე კი _ რამდენიმე დღის წინ.  "ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს სერიოზული რეაგირებისთის, თუმცა ეს არ არის საფუძველი პანიკისთვის", - აღნიშნა იზორიამ და ამ საკითხზე გამოძიების გააქტიურების კონტექსტში, მიმდინარე წლის ივნისში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით ბორჩაშვილის დაკავების ფაქტი გაიხსენა. ლევან იზორიას თქმით, აღნიშნულ საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება. ტერორიზმის წინააღმდეგ პრევენციული ზომების გატარების კონტექსტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ მოსმენების თაობაზე პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა და საკონსტიტუციო სარჩელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ "ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პირველი რიგის ამოცანაა, სპეცსამსახურებს ჰქონდეთ ოპერატიული შესაძლებლობა ინფორმაციის მიღებისთვის, რათა დროულად მოხდეს საფრთხეების პრევენცია".

 

 

banner
წინა სტატიაშიერთ-ერთი ტერორისტი პურს აცხობდა და რეპს ასრულებდა
შემდეგი სტატიაამერიკის ქუჩებში უპილოტო გუგლომობილი დადის