ლევან იზორია – აშშ-საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეხვედრაზე აქცენტი საქართველოში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე გაკეთდა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ქართული დელეგაციის წევრმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს.

„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მისწრაფება, ქვეყანა გახდეს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი, აუცილებლად მაქსიმალურად იქნება მხარდაჭერილი. ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და სუვერენიტეტის დაცვა ყოველთვის იქნება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერილი. ითქვა ასევე, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავიდა თვისობრივად ახალ ეტაპზე, ნდობის განსაკუთრებული ხარისხი არსებობს, რისი კონკრეტული გამოხატულებაა ჯაველინების სისტემის გადაცემა საქართველოსთვის, ასევე – ყველაზე ამბიციური პროგრამის განხორციელება და ყველაზე ფართომასშტაბიანი ფინანსური დახმარება, რომელსაც წელს მიიღებს საქართველო აშშ-სგან” – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორიას ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები შემდგომში უფრო მაღალ ხარისხს მიაღწევს. იზორიას შეფასებით, ქვეყნებს შორის პარტნიორობის დინამიკა არის სამაგალითო ყველა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის სფეროში.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, აშშ-სთვის საქართველო რეგიონში ყველაზე სანდო პარტნიორია, რაც შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა.

„საფრთხე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს, საფრთხე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს, აშშ-თვის არის საფუძველი უფრო მტკიცე მხარდაჭერისთვის. აშშ-სთვის საქართველო არის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში და ეს ხაზგასმით იქნა აღნიშნული და საქართველო არასდროს იქნება მარტო, საქართველო ყოველთვის იქნება მხარდაჭერილი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, მათ შორის საერთო საფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით”, – განაცხადა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს მატისი : აშშ-ი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ისე ევროინტეგრაციის პროცესში
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ვიქნებით პირველები, ვინც იმოქმედებს