ლევან იზორია ამერიკელ გენერლებს და აშშ-ს არმიის ევროპული ჯარების სარდალს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამერიკელ გენერლებს და აშშ-ს არმიის ევროპული ჯარების სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესს გერმანიაში, ჰოჰენფელზის სამხედრო ბაზაზე შეხვდა.

მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული სამწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტით განსაზღვრული ორმხრივი თანამშრომლობის ამოცანები და მტკიცე თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების საკითხები განიხილეს.

ლევან იზორიამ გენერალ ჰოჯესთან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედების გეგმებზე ისაუბრა, რაც 2017 წელს, საქართველოში ჰოჰენფელზის მსგავსი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს.

მზადყოფნის პროგრამის შემდგომი დეტალების შესაჯერებლად კი, საქართველოს უახლოეს მომავალში ამერიკელი გენერალი ესტუმრება.

თავდაცვის მინისტრი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად გერმანიაში, აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა, სადაც ავღანეთისთვის გადასროლისწინა სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი გადის.

საქართველოს დელეგაციისთვის აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელ ბაზაზე, ქართველი სამხედროების მონაწილეობით სპეციალური საჩვენებელი სწავლება ჩატარდა, სადაც ვითარება ავღანეთში არსებულ გარემოსთან მაქსიმალურადაა მიახლოებული.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილმა და თამარ ხულორდავამ ვაშინგტონში წარმატებული ვიზიტი ბრიფინგზე შეაჯამეს