ლევან ბერძენიშვილი : დავით უსუფაშვილისა და პაატა ზაქარეიშვილისგან პარტიის დატოვებას არ ველოდი

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პარტიიდან წასვლის შესახებ თინა ხიდაშელის განცხადება ჯერ არ მიუღიათ.

როგორც ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის პარტიის დატოვების შესახებ სამი განცხადებაა შესული, მათ შორის დავით უსუფაშვილის და ფრიდონ საყვარელიძის.

„სხვა არც ერთ პარტიის წევრს არ მოუმართავს. პაატა ზაქარეიშვილი დიდი ხანია წასულია, წავიდა არასამთავრობო სექტორში, პოლიტიკაში არ რჩება, თუმცა ეს ადრე მოხდა, უსუფაშვილამდე. ჩვენ არასოდეს არ ველოდებით არავისგან ასეთ ნაბიჯს, მაგრამ ადამიანებს სრული უფლება აქვთ, გადადგან რა ნაბიჯებიც გაუხარდებათ. მოლოდინი, რომ პარტიას დატოვებდა, მე არც უსუფაშვილისგან მქონდა, არც მათ შორის ზაქარეიშვილისგან, არ ველოდებით ასეთ რამეს, რადგან პარტიას აქვს თავის ღირებულებები, რომელიც ყველასთვის იყო საერთო. ეს ღირებულებები როდის გახდება ვინმესთვის ტვირთი მე არ ვიცი, პარტიიდან წასულები ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ, გახდაო”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკურ პარტიაში“ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და შესაძლებელია, რომ პარტიის სხვა წევრებიც გაჰყვნენ.

„დავით უსუფაშვილმა გახსნა პანდორას ყუთი და თუ ვინმეს რამე სურვილი ჰქონდა, რაღაც მოტივით თავი დაეღწია „რეპუბლიკური“ ტყვეობისთვის, თუკი ეს ტყვეობაა ვინმესთვის, ყველა თავისუფალია და ის წავა. პარტიაში არის პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, ყველა მდივანი ადგილზეა და არც ერთი წასვლას არ აპირებს, ჯერ-ჯერობით ასეა. რთული პროცესია, მაგრამ არაფერი ისეთი არ არის, რაც აქამდე არ გინახავს. “რესპუბლიკური პარტია“ ათასობით ადამიანმა დატოვა და ათასობით ადამიანი შემოვიდა, ასეთი პარტიაა, მას ტოვებენ ხოლმე, მაგრამ არასოდეს არ კვდება იმის გამო, რომ დიდი ან პატარა ვინმე მიატოვებს”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანა მიქელაძე : ამ ეტაპზე ძირითადად მხოლოდ პროცედურული ხასიათის მცირე ხარვეზებია
შემდეგი სტატია(Video) დაარიგეს თუ არა ჯიხაშკარში საწვავი?!