თსუ-ში 2002 წელს ჩარიცხული ლექსო თამაზაშვილი ჯერაც სტუდენტია

tamazashviliსაჯარო ინფორმაციის ანალიტიკური ბლოგი აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომელიც მან პარლამენტის წევრთა განათლების ხარისხის შესახებ ჩაატარა. კვლევა ეხებოდა სხვადასხვა მიმართულებას, რის შემდეგაც ბლოგზე გამოქვეყნდა მისი დასკვნითი ნაწილი.

„საქართველოს მოქმედ პარლამენტში კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატთა 29 %-ს იურისტები წარმოადგენენ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო უმრავლესობასთან შედარებით საკანონმდებლო ორგანოში 1 %-ით ნაკლები სამართალმცოდნე ჰყავს წარმოდგენილი. თითქმის თანაბარი რაოდენობით არიან წარმოდგენილი ორივე პოლიტიკური ჯგუფიდან ეკონომიკური განათლების მქონე დეპუტატები („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 12 %, „ქართული ოცნება“ – 13 %).

მსგავსი მდგომარეობაა მედიცინის დარგშიც – მხარეებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 %-ა. საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტებს შორის განსხვავება კიასეთია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 9%, „ქართული ოცნება“ – 6%.

ამასთანავე, „ქართული ოცნებასთან“ შედარებით საპარლამენტო ოპოზიციას ინჟინერიის მიმართულებით 4 %-ით მეტი წარმომადგენელი ჰყავს, 5 %-ით მეტი კი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.

აგრარული („ქართული ოცნება“ – 4 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – 2 %) და ჰუმანიტარული მეცნიერებების („ქართული ოცნება“ – 14 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – 9 %) მიმართულებებში, ასევე ხელოვნების დარგში („ქართული ოცნება“ – 8 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – 3%) „ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭარბობენ.

რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს წევრთა აკადემიურ ხარისხებს, პარლამენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით მაგისტრზე მაღალ ხარისხს ფლობს სულ 25 დეპუტატი. ამათგან 17 მეცნიერებათა კანდიდატია, 8 – დოქტორი, 5 – პროფესორი, 1- აკადემიკოსი, 1 მეცნიერებათა აკადემიის ასოცირებული წევრ-კორესპოდენტი, ასევე ერთი საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი.

დეპუტატთა უმრავლესობას განათლება მიღებული აქვთ საქართველოში, სხვადასხვა სახელმწიფო სასწავლებელში. მხოლოდ ხუთ დეპუტატს აქვს განათლება მიღებული საზღვარგარეთ(იგულისხმება სწავლების სრული კურსის გავლა, რომელიც დასტურდება აკადემიური ხარისხის დიპლომის მინიჭებით და არა მოკლეხნიანი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები).

ამასთან,საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ IDFI-თვის მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ქართული ოცნების პარტიული სიით არჩეული დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი 2002 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამჟამად რეგისტრირებულია როგორც 2013-2014 სასწავლო წლის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი“.

წყარო

banner
წინა სტატიაშიმე “რაშა ორერას” ვმღეროდი, გუგული – “მხოლოდ შენ ერთს”
შემდეგი სტატია“ჩვენ ვნახეთ პირდაპირი ჩარევა მოსამართლის მხრიდან