ლეონიდ ჩერნოვეცკი დაღუპული მეშახტეების ოჯახებს დაეხმარა

ლეონიდ ჩერნოვეცკი თანაუგრძნობს მინდელის სახელობის შახტაში 5 აპრილს დაღუპული მეშახტეების ოჯახებს და იღებს გადაწყვეტილებას ფინანსურად დაეხმაროს მათ.
13 აპრილს ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები ტყიბულში იმყოფებოდნენ და თავად გადასცეს დაღუპული მეშახტეების ოჯახებს ფულადი დახმარება – თითოეულ ოჯახს 7500 ლარი.
„ როგორც საქართველოს მოქალაქემ და ქვეყნის პატრიოტმა, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ გულთან ახლოს მიიტანა ტყიბულში დატრიალებული ტრაგედია. რა თქმა უნდა, ფულადი დახმარება ვერასდროს აანაზღაურებს იმ დიდ დანაკლისს, რომელიც ამ ოჯახებმა განიცადეს, მაგრამ ამ მძიმე ჟამს მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს მათ მხარდასაჭერად, რათა ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს მიღებული დიდი სულიერი ტკივილი“, – განაცხადა ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა. მისი თქმით, ფონდი მომავალშიც განაგრძობს დაღუპული მეშახტეების ოჯახების დახმარებას.
„მადლობის მეტი რა მეთქმის?! ეს არის უკეთილშობილესი საქციელი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის თანადგომა მძიმე ჟამს. მამა იყო ჩვენი ერთადერთი მარჩენალი, რამეთუ ავტოავარიის შემდეგ შრომისუუნარო ვარ და მასზე ვიყავით დამოკიდებული“, – ამბობს დაღუპული მეშახტის ელგუჯა ბოჭორიშვილის ვაჟი ავთო ბოჭორიშვილი.
„უღრმესი მადლობა ბატონ ჩერნოვეცკის ჩვენი ტრაგედიის გაზიარებისთვის და დახმარებისთვის. ღმერთი ფარავდეს მას“, – თქვა დაღუპული მეშახტის პავლე გამეზარდაშვილის მამამ გურამ გამეზარდაშვილმა.
შეგახსენებთ, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს კოალიციის სირიაზე თავდასხმას რუსეთის პრეზიდენტი ეხმიანება
შემდეგი სტატიარეჟისორი მილოშ ფორმანი გარდაიცვალა