“ლავროვის განცხადება რუსეთმა შესაძლოა საქართველოში მორიგი შეჭრის საბაბად გამოიყენოს”

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარის, დონალდ ჯენსენის განცხადებით, რუსეთმა სერგეი ლავროვის განცხადება შესაძლოა საქართველოში მორიგი შეჭრის საბაბად გამოიყენოს.

“ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში, მკვლელვარი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, სერგეი ლავროვის განცხადება დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების პანკისში წვრთნის შესახებ, საქართველოში მორიგი შეჭრის საბაბად გამოიყენოს, შემდეგ კი ყველას უთხრას, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იყო.

“მსგავსი რიტორიკა ხალხში ერთგვარ მოლოდინებს ქმნის. ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთი დასავლეთის მოკავშირეა, რაც მას გარკვეულ დაუსჯელობის სტატუსს ანიჭებს. თუ რუსეთი ამტკიცებს, რომ საქართველოში ტერორისტები არიან და ამას პანკისში შესასვლელად გამოიყენებს, მერე ყველას ეტყვის, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იყო. მეორე სახიფათო საკითხია კრემლის მიერ საქართველოს საშინაო საკითხებში ჩარევა, თითქოს კრემლს უფლება ჰქონდეს ეს გააკეთოს. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რუსეთის საქმე არ არის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე საუბარი თუ ამას საქართველო არ სთხოვს და საქართველოს ეს არ უთხოვია”, – აცხადებს დონალდ ჯენსენი.

მისივე თქმით, რუსეთი აქტიურად საუბრობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, როცა მის მთავარ მიზნად ასადის დაცვა რჩება.

“მართალია, პუტინი სირიაზე მიმდინარე დისკუსიისთვის რელევანტურ ფიგურად იქცა, სწორედ ეს იყო მისი მიზანი, ამიტომაც დაიწყო ის, რაც სირიაში დაიწყო. ყველაფრის მიუხედავად მხარეებს შორის ჯერაც პრინციპული უთანხმოებაა ასადის რეჟიმის მომავალზე და იმაზე თუ ვინაა მტერი. რუსეთი აქტიურად საუბრობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, როცა მის მთავარ მიზნად ასადის დაცვა რჩება. რუსეთს მოუწევს გადაწყვიტოს – გაწირავს თუ არა ასადს, როგორც ჩვენ ამერიკაში ვამბობთ – ჩაუგდებს თუ არა ასადს ავტობუსს. ამ საკითხის დიპლომატიურ მოგვარებას ახლო მომავალში არ ველოდები”, – აღნიშნა მკვლევარმა.

banner
წინა სტატიაში“თავისუფლების მოედანზე” 5 ახალგაზრდა დააკავეს
შემდეგი სტატიაგორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე თანამდებობიდან გადააყენეს