ლარის გაუფასურება – მმართველი გუნდი განმარტებას ეროვნული ბანკისგან ითხოვს

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას პოლიტიკოსები და ექსპერტები ეხმაურებიან. მმართველი გუნდი ეროვნული ბანკისგან ითხოვს განმარტებებს.

ამის შესახებ განცხადება ლევან კობერიძემ გააკეთა.

„ეკონომიკური ფაქტორები გვაქვს პოზიტიური, პოლიტიკური ფაქტორები გვაქვს პოზიტიური და მოულოდნელი არაფერი მომხდარა. არჩევნების შემდეგ მმართველმა გუნდმა საკმაოდ დამაჯერებლად გაიმარჯვა. შესაბამისად, რას უკავშირდება არჩევნებამდე რამდენიმე დღეში კურსის ნახტომისებური ზრდა, ეროვნული ბანკის კომპეტენცია და ვალდებულებაა, რომ ჩაერიონ და განცხადება გააკეთონ,“ – განაცხადა ლევან კობერიძემ.

ოპოზიციის წევრები ლარის გაუფსურებას არჩევნების შედეგს უკავშირებენ. მათი თქმით, ეს არის ბიზნესისთვის სიგნალი, რომ ქვეყანაში ეკონომიკა უკან მიდის.

„ლარის დაცემა არის რეაქცია არჩევნების შედეგებზე, რომ რჩება მთავრობა, რომელსაც არაფერის გაკეთება შეუძლია, რომ ქვეყანა მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამოიყვანოს. ასევე ბიზნესმა ნახა ბიუჯეტის ის პროექტი, რაც მთავრობამ პარლამენტში წარადგინა და ნახა, რომ აქაც არაფერი იცვლება, მთავრობა არ აპირებს გადასახადების დაწევას,“ – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ლარის კურსის ვარდნა, სავარაუდოდ, ტარიფების ზრდას გამოიწვევს.

„ამაზე მიბმულია ტარფების ზრდა, რაც რთულად დააწვება მოსახლეობას. ეს ყველაფერი ამძიმებს ჩვენი მოქალაქეების კიდევ უფრო დამძიმებულ ყოველდღიურობას. მიზეზი არის დღევანდელი მთავრობა,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ტურისტული სეზონი დასრულდა, ხოლო წინასაარჩევნოდ კი დიდი თანხა დაიხარჯა.

„მთავარია, ეს არ გადაიზარდოს გრძელვადიან გაუფასურებაში და კურსის ახალ წონასწორობაში დასტაბილურება მოხდეს,“ – განაცხადა ეკონომისტმა, გიორგი პაპავამ.

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს
შემდეგი სტატია„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს