ლადო პაპავა – აღმოჩნდა, რომ თურმე უნივერსიტეტში პაპავას პრობლემა იყო და არა ”ოდეერების”

თსუ-ს ჯერ კიდევ მოქმედი რექტორი ლადო პაპავა აცხადებს, რომ თანამდებობიდან საკუთარი სურვილის საფუძველზე წავიდა. როგორც ლადო პაპავამ ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, რადგან უნივერსიტეტში პროცესების უარესი სცენარით განვითარება იგეგმებოდა.

კითხვაზე, სტუდენტებს შორის დაპირისპრების პროვოცირება იგეგმებოდა? პაპავამ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

” მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, როგორ დაიწყო პროცესები – სტუდენტების ორი ჯგუფი გაერთიანდა მოთხოვნით, რომ ”ოდეერები” უნივერსიტეტიდან წასულიყვნენ, მოგვიანებით კი ორივე ჯგუფმა ერთდროულად მოითხოვა რექტორის გადადგომა. თუმცა, როგორც კი თანამდებობიდან გადადგომა დავაანონსე, ყველა გაჩუმდა და ”ოდეერის” საკითხიც არავის გახსენებია. აღმოჩნდა, რომ თურმე უნივერსიტეტში პაპავას პრობლემა იყო და არა ”ოდეერების”. დასკვნა მარტივია, რომ ეს ჩემს წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია იყო. ისიც კი იკადრეს, რომ სტუდენტების ნაწილი საშიმშილოდ დაესვათ”, – განაცხადა პაპავამ.

რაც შეეხება ”ოდეერების” საკითხს, პაპავა აცხადებს, რომ ეს საკითხი ფაქიზი თემაა და ბუნებრივია, შენი ქვეყნის უშიშროების სამსახურს პატივი უნდა სცე.

”შესასამისად, დასაძრახი არაფერია იმაში, რომ თუ ვინმე რომელიმე დაწესებულებაში მუშაობს. უბრალოდ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ადამიანი სახელმწიფო უშიშროების სტრუქტურებში ნამუშევარია, ეს გამოუსწორებელი ნაკლია. სინამდვილეში შენი სამშობლოს უშიშროების სამსახურში მუშაობა საამაყოც უნდა იყოს…. ”ოდეერი” პირობითი დასახელებაა, სინამდვილეში საუბარია უშიშროების თანამშრომლებზე, რომლებიც ამა თუ იმ დაწესებულებაში უშიშროების დავალებით არიან დანიშნული. კაცმა არ იცის დღესაც არაოფიციალურად უშიშროების რამდენი წარმომადგენელი მუშაობს ამა თუ იმ დაწესებულებაში, მაგრამ ეს გამართლებულია, თუ ისინი არაჯანსაღ ვითარებას არ იწვევენ”, – განაცხადა პაპავამ.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
შემდეგი სტატიაენგურის ხიდი უახლოეს მომავალში ჩაიკეტება