კვლევის მიხედვით, თბილისის მერიაში თანამშრომელთა ატესტაცია და ახალი კადრების აყვანა ხარვეზებით ჩატარდა

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის საკადრო უზრუნველყოფა, ადამიანური რესურსების მართვა და ზედამხედვლობა ამ უწყების სუსტი მხარეებია, – ასეთია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ადგილობრივი ანტიკორუფციული სისტემების შეფასების კვლევის შედეგები.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, თბილისის მერიაში ჯერჯერობით არ არსებობს თანამშრომელთა საქმიანობის ქულებით შეფასებისა და თანამდებობრივი დაწინაურების სისტემა.
“თანამშრომელთა დაწინაურება ხდება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, პრემიის გაცემა მერიაში წახალისების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. თუმცა, საჯარო უწყებებისგან განსხვავებით, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს მთავრობის დადგენილება “საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ”, თბილისის მერიაში არ არის დამტკიცებული დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი”, – აღნიშნულია კვლევაში.
კვლევა ასევე მოიცავს სანქციების იმ კატეგორიებს, რომელიც თბილისის მერიისა და გამგეობების თანამშრომლების მიმართ გამოიყენება. ესენია: შენიშვნა, გაფრთხილება, არაუმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება და სამსახურიდან გათავისუფლება.
“მაგალითისთვის, 2013-2015 წლებში, მერიის 39 თანამშრომელს გამოეცხადა შენიშვნა, 22-ს – გაფრთხილება, 26 გაათავისუფლეს და ერთს დაუკავეს არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასი. ზედამხედველობის და ადამიანური რესურსების მართვის კუთხით ასევე აღსანიშნავია, რომ მერიამ რეაგირების გარეშე დატოვა ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას დაკავება და ამ უწყებაში საკადრო ცვლილებები არ განუხორციელებია, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სამსახური დაინტერესდა ზედამხედველობის სამსახურის სხვა თანამშრომლების საქმიანობითაც. მერიამ ასევე რეაგირების გარეშე დატოვა ვაკისა და საბურთალოს გამგეობის თანამშრომლების დაკავებაც. ამავე დროს, უკანასკნელ პერიოდში თბილისის მერიაში აღინიშნა საჯარო მოხელეების სამსახურიდან უკანონოდ გათავსიუფლების ფაქტიც”, -აღნიშნულია კვლევაში.
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ თბილისის მერიაში მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩატარდა თანამშრომელთა ატესტაცია და ახალი თანამშრომლების კონკურსის წესით აყვანა.
“მიუხედავად იმისა, რომ ტესტირება ვერ გადალახა თანამშრომელთა უმეტესობამ, კონკურსში ჩაჭრილი კადრები მერიაში მაინც დაინიშნენ მოვალეობის შემსრულებლად”, – ნათქვამია კვლევაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ადგილობრივი ანტიკორუფციული სისტემების შეფასების კვლევის ფარგლებში შეფასდა თბილისის, ქუთაისის და ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის, საქმიანობა კონკრეტულად ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და ანტიკორუფციული მექანიზმების კუთხით.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთს ეწვია
შემდეგი სტატიაპარლამენტის სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა