კვირიკაშვილსა და სუბელიანს შორის კამათი მოხდა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებს შორის კამათი, ბარბარე რაფალიანცის საქმის ირგვლივ დასმულ შეკითხვას მოჰყვა.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის კითხვაზე, როდის იქნება 11 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიება დასრულებული, რათა გაირკვეს ის, რომ ეს მკვლელობა “ნაციონალურ მოძრაობას” არ ჩაუდენია, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არ იცის, ვინ დააბრალა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს აღნიშნული მკვლელობა.

“რაც შეეხება რაფალიანცის საქმეს, არ ვიცი ვინ დააბრალა გიორგი ღვინიაშვილს ასეთი ტიპის მკვლელობა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა, რაზეც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა კობა სუბელიანმა შეახსენა, რომ ეს იყო კულტურის მინისტრის მოადგილე.

“თქვენი მინისტრის მოადგილემ. ის ქალბატონი კულტურის სამინისტროში მუშაობს. თქვენ გგონიათ, რომ გამოძვრებით მანდედან, ვერ გამოძვრებით ვერცერთი. ვერც თქვენ, ვერც ვერავინ. მთელი დღე დგახართ აქ და იცინით. რა არის აქ სახუმარო?! ბავშვის სიკვდილი დაგვაბრალეთ და ასე წყნარად ზიხართ აქ. რა არის აქ სასაცილო, მაინტერესებს”, – აღნიშნა სუბელიანმა.

თავის მხრივ, კვირიკაშვილმა სუბელიანს სიმშვიდისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ რაფალიანცის საქმე რომ გამოუძიებელია დღემდე, ეს უბედურებაა, რაც შეეხება ხუმრობას, ის ბოლშევიზმზე გაკეთებულ განცხადებაზე იხუმრა.

“ნუ ყვირიხართ, ძალიან გთხოვთ რა. ნუ გადაიყვანთ სხვა ტონალობაში დღევანდელ შეხვედრას. რაფალიანცის საქმე რომ გაუხსნელია, ეს არის უბედურება. რაფალიანცზე ვიხუმრე დღეს?! რატომ იტყუები ამხელა კაცი ხარ, სირცხვილია. ხუმრობა ის იყო, რომ ბოლშევიზმს შეადარეთ ჩემი განცხადებები. სირცხვილი და სპეკულაციაა ახლა რასაც აკეთებ. გიდასტურებ, რომ რაფალიანცის საქმის გამოუძიებლობა არის უბედურება, დაიცხრეთ რა ვნებები ცოტა. მე მესაუბრებით ბოლშევიზმზე?! თქვენი რეჟიმი მართლა ბოლშევიკური არ იყო?! დავილაპარაკოთ ნორმალურად. მოგიწოდეთ თანამშრომლობისთვის, გამჭირვალობის, პარტნიორობისთვის და ეს არის თქვენი პასუხი?! ჩანს ახლა თქვენი დამოკიდებულება. გამაგრძელებინეთ იმ ტონალობაში, როგორც ვსაუბრობდი, წყნარად”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერობის კანდიდატი უმცირესობის დეპუტატებს დაპირდა, რომ ნახავს რა განცხადებები გაკეთდა რაფალიანცის საქმეზე, მათ შორის გიორგი ღვინიაშვილის მხრიდანაც და მერე გასცემს ამაზე პასუხს.

banner
წინა სტატიაშიეს არ არის საქართველოს მთავრობა – ეს არის ქართუ ბანკის მთავრობა
შემდეგი სტატია,,მაინტერესებს მატარებელი, რომელიც ჩინეთიდან მივიღეთ სად წავიდა მერე?”