,,კვირიკაშვილმა დიალოგის სურვილი გამოთქვა, მაშინ როცა ღარიბაშვილი მხოლოდ ტელევიზიით გვყავს ნანახი”

kukava

,,თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მზადყოფნას საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციასთან დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს.

როგორც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ ტელევიზიით ჰყავს ნანახი, რადგან ოპოზიციის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მასთან შეხვედრა ვერ მოხდა.
“სულ ნეგატივზე რომ არ ვისაუბროთ: ახალ პრემიერ-მინისტრს მივმართეთ, როგორც თავის დროზე ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს. გიორგი კვირიკაშვილმა ასეთი დიალოგისთვის სურვილი გამოთქვა. არა მხოლოდ შეხვედრა შედგა, არამედ საუბარია იმაზე, რომ დიალოგის ფორმატი შეიქმნას, რაც პოზიტიური ნაბიჯია. შეიძლება ვადები დაგვიანებულია, მაგრამ მთავარია, დიალოგი დაიწყო”, – განაცხადა კუკავამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს იხილავს, რომლითაც მაჟორიტარული არჩევნები უქმდება და პარლამენტის 150 მანდატიდან, 75 – ერთიანი პროპორციული სისტემით, ხოლო 75 – სამხარეო-პროპორციული სისტემით გადანაწილდება.
საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტს კუკავამ გააცნო.

banner
წინა სტატიაში,,ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითოეული ცენტი მაქსიმალურად იქნება დაცული “
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი პირადი დაცვის მომსახურებაზე უარს აცხადებს