კვირიკაშვილის მიერ “ჟენევაში” შექმნილი საფრთხე

27-28 მარტს ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებს, რომელსაც „სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების თაობაზე საერთაშორისო დისკუსია“ ჰქვია, განსაკუთრებული გაფაციცებით მიადევნებენ თვალს საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკურ სპექტრზე რომ არაფერი ვთქვა.
ამ ისედაც მოყირჭებული და არაფრის მაქნისი ფორმატისადმი ყურადღება ქართველ ობივატელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაუმძაფრა. მართალია, ქართული დიყლოპატია (დიპლომატიას ვგულისხმობ) აბაშიძისა და ჯანელიძის მეშვეობით, შეეცადა აეხსნათ, რომ 9 მარტს მოსკოვში გაგზავნილი წერილის პათოსი სულაც არ ემთხვეოდა ორჯონიკიძის ტელეგრამის პათოსს „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებსო“ , მაგრამ არ გამოუვიდა. კი, იმაში მართლები იყვნენ, რომ წერილში ღიად არ ეწერა ეს ფრაზა, მაგრამ ის კი ნამდვილად იკითხებოდა – „იფრიალოს, წინააღმდეგი არ ვართო“, ისევე როგორც ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე პრემიერის მიერ ოკუპირებული რეგიონების ფაშისტურ რეჟიმებისთვის პირდაპირი დიალოგის დაწყების და საერთაშორისო სუბიექტებად აღიარების შეთავაზება.
“ოცნება” შეეცდა პრემიერის ნათქვამის ინტერპრეტირებას – „მან ხალხებს შორის დიალოგი იგულისხმაო“, თუმცა ამ „ახსნას“ მალევე მაგრამ ამ ცივი წყალი გადაასხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელმაც „სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების თაობაზე საერთაშორისო დისკუსიის“ ფარგლებში მისაღებ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება. ამ განცხადებიდან ნათლად ირკვეოდა, რომ მხარეების მიერ (საქართველო, რუსეთი, აფხაზეთი, „სამხრეთ ოსეთი“, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ეუთო) გამოქვეყნდებოდა ერთობლივი დეკლარაცია „ძალის გამოუყენებლობის“ შესახებ.
აღნიშნულ საკითხზე ერთ-ერთ პირველი, ვინც კომენტარი გააკეთა იყო აშშ-ის საქართველოში აწ უკვე ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი იან კელი. მან განაცხადა, რომ “დიპლომატიაში არის წესი, რომლის მიხედვითაც ვიდრე შეთანხმება არ შედგება არაფერი შეთანხმებული არ არის”.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბატონ დუნდუას განცხადება კი მრავლის და ამავე დროს არაფრისმთქმელი იყო. ქართველ დიპლომატებს რატომღაც მისაღებად მიაჩნიათ, რომ როდესაც რაღაცას ამბობენ, ფაქტიურად არაფერი უნდა თქვან, რადგან ვერაფერს ამბობენ იმიტომ, რომ არაფერი აქვთ სათქმელი, რადგან სიმართლის თქმა უჭირთ ან არ შეუძლიათ.
„მნიშვნელოვანია, შეიქმნას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეხუთე პუნქტის შესაბამისად, რისი საჭიროებაც ყველასთვის, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელია. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯად ქართული მხარე, მათ შორის განიხილავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეთა მიერ მისაღებ პოლიტიკურ განცხადებას ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რომელზეც წლებია მიმდინარეობს მუშაობა“, — განაცხადა დონდუამ და იქვე დასძინა, “ჩვენ ჟენევაში გავაგრძელებთ თანმიმდევრული და პრინციპული პოზიციით მონაწილეობას და მოლაპარაკებებს, რათა მოიძებნოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზები, საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესაბამისად. თუ პროცესი კონსტრუქციულად წარიმართა, ეს აჩენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში შემდგომი საგნობრივი მოლაპარაკებისთვის სივრცეს და მაღალი პოლიტიკური დონის ჩართულობის შესაძლებლობას, რის თაობაზეც ჩვენ მზაობა უკვე გამოვხატეთ”.
სიმართლე ძალიან მარტივია – საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შესძლო ამჯერადაც კრიზისული ვითარების მართვა და თავისავე დაგებულ მახეში გაება. ის რომ ფაშისტები და ოკუპანტები ტატუნაშვილის მოკვლას არ გეგმავდნენ და სხვა ზრახვები ჰქონდათ გასაგებია. არჩილმა გეგმები ჩაუშალა და შემდგომ უკვე ყველა ქრისტიანული ნორმისა თუ ომის კანონების საწინააღმდეგოდ, ცხედრის დაპატიმრებამ საქართველოს ხელისუფლება უსუსურ და უნიათო არსებას დაამსგავსა.
უცნობია, ვინ ურჩია პრემიერს 9 მარტის მიმართვის “გამოცხობა”, თუმცა ცხადია რომ ამ პოლიტიკური კრიალოსნის გამოძახილი იყო კარასინის “სურვილი” და ის რომ დოკუმენტი შემოგვიგდეს.
“ეს ყველაფერი სიტუაციური რეაქციები იყო ტატუნაშვილზე. გადაგორდა და……არაფერს არ გააკეთებენ ისეთს, რაც ოპოზიციას სათქმელს მისცემს და რევოლუციის “გასაპრავებელ” ბრალდებად გამოდგება”, – აცხადებს ისტორიკოსი და ჟურნალისტი დავით გამცემლიძე.
ამასობაში ტატუნაშვილის გადმოსვენებაც მოხერხდა და თითქოს სხვა კრიალოსანიც აიკინძა – ოპოზიცია გაჯიქდა, საზოგადოება აღშფოთდა და რაც მთავარია – აშშ-მ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
„საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად ამერიკის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგში. საქართველო კვლავაც სარგებლობს კონგრესის მხრიდან მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით და ეს აქტი არის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ამერიკა-საქართვლოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიმართ კიდევ ერთი მკაფიო მხარდაჭერის დადასტურება“, ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ ამერიკის შეერთებული შტატების 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ განაცხადა.
მისივე განცხადებით, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის კონტექსტში ძალიან მნიშნველოვანია, რომ 2017 წლის მსგავსად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ ქვეყნის მთავრობა, რომელმაც აღიარა ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მსგავსად 2018 წლის ბიუჯეტშიც საქართველოსთვის გათვალისწინებულია დაფინანსების ზრდა, რაც ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის ნათლი გამოხატულებაა.
ვერ ვიტყვი რომ გადამწყვეტი, მაგრამ ცხადია მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ აქტმა (კანონმა) საქართველოს ხელისუფლების მეტნაკლებად გამოფხიზლებაში… და თუ ჟენევაში დისკუსიები “ძალის გამოუყენებლობის” განცხადების გარეშე დასრულდება, ამაში ამ ფაქტორსაც ექნება თავისი როლი, ქართული საზოგადოების, ოპოზიციის და მეგობარი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური აქტიორების როლის კვალდაკვალ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაძე აღნიშნულ საკითხზე აცხადებს: ეს გადაწყვეტილება არის აშშ-ს სტრატეგიის უცვლელობის დემონსტრირება საქართველოს მიმართ. არის თუ არა აქ სპეციალურად გაკეთებული მესიჯი? ალბათ არა. მაგრამ მესიჯი ბუნებრივად და მკაფიოდ იკითხება – იქონიეთ მოთმინება და ნაჩქარევ დათმობებზე ნუ წახვალთ, ჩვენი მხარდაჭერა მყარი და გრძელვადიანია და თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
დავით გამცემლიძე მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ ჟენევაში, იმ პიროებში, როდესაც რუსეთი მინისტრის მოადგილით არის წარმოდგენილი, აშშ თანაშემწის მოადგილის რანგით მონაწილეობს. გამცემლიძე ამას პრაგმატული მოსაზრებებით ხსნის – აშშ ზესახელმწიფოა და უპერსპექტივო ფორმატებში უხალისოდ მონაწილეობს. იგი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც აშშ-ს არ გააჩნია რეალური კონტროლის მექანიზმი, პროცესზე მან არც უნდა იკისროს ამ მიმართებით ზედმეტი პასუხისმგებლობა.

აღნიშნულის პარალელურად ცხადია, რომ აშშ ნამდვილად ვერ გვაიძულებს არ განვაცხადოთ კაპიტულაცია ან არ ვაღიაროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რეჟიმები საერთაშორისო სუბიექტებად, მაგრამ იმ პირობებში როდესაც თავად სანქციებს უწესებს ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც სეპარატისტულ-ფაშისტურ რეჟიმებთან ითანამშრომლებს, რამდენად გონივრულია საქართველომ სტრატეგიული პარტნიორის ეს არჩევანი უგულებელყოს?
მოკლედ, ჟენევაში ამჯერად მნიშვნელოვან პოლიტიკურ რყევებს არ უნდა ველოდოთ. ნურც იმის დიდი იმედი გვექნება, რომ ქართული დიპლომატია ან საქართველოს ხელისუფლება სწორ დასკვნებს გააკეთებს მომხდარის საფუძველზე. ერთი რამ ფაქტია – “ხვალ” თბილისის ცენტრში ვინმემ ხმამაღლა რომ დააცემინოს, შეშინებული კვირიკაშვილი და მისი ხელისუფლება უმალ თეთრი ან სამფეროვანი ცხვირსახოცებით გამოვარდებიან კაბინეტებიდან.
სარკაზმი იქეთ იყოს და ამ პოლიტიკურ დიპლომატიური სკანდალის შემდეგ ბატონი კვირიკაშვილი ნამდვილად არ უნდა იჯდეს პრემიერის სკამზე, რადგან მან ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები, ისტორიული პერსპექტივა საფრთხის ქვეშ დააყენა.

გოჩა მირცხულავა, სპეციალურად “თაიმერისთვის”.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილს ბეჟუაშვილის „დაკრიშვისთვის“ ხსნიან?!
შემდეგი სტატიაივანიშვილს ურჩევენ უარი თქვას სალომე ზურაბიშვილზე