კვირიკაშვილი: საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა უნდა დასრულდეს

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა უნდა დასრულდეს და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე უნდა გადავიდეთ. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს პირველ რიგში მინისტრების დონეზე უნდა მოხდეს.

“ვფიქრობ, დროა, საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ, რადგან ეს ყველას აღიზიანებს და არ დაგიმალავთ, მეც, მათ შორის. ეს არის გარკვეულად დამკვიდრებული პრაქტიკა და ვფიქრობ, როდესაც საუბარი იქნება ავტოპარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი უნდა ვთქვათ.

დროა, გადავიდეთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ჩავანაცვლოთ ავტომანქანები, პირველ რიგში მინისტრების დონეზე, მაგრამ ეს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთლიანად ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხებათ, მათ შორის ძალოვან უწყებებსაც. არავის დაუწერია წესი, რომ მაინცდამაინც შავი ჯიპით უნდა იაროს თუნდაც სამართალდამცავმა. ეს პროცესი დაიწყება მინისტრებისგან, მაგრამ თანდათან გავრცელდება ყველგან. ამას ერთბაშად ჩვენ ვერ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ამას დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება, მაგრამ დავიწყოთ მინისტრებმა და შემდეგ მოგვბაძავენ სხვებიც”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, ესაუბრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს და დელეგაციების დახვედრისას თუ ეტიკეტი მოითხოვს ამას, გამონაკლისის დაშვება შეიძლება.

“არც ერთი სხვა შემთხვევა ჩემთვის მისაღები არ იქნება, პირდაპირ ვამბობ ამას.
მგონია, რომ შავი მანქანების ეპოქა უნდა დავასრულოთ. საერთაშორისო ორგანიზაციები თეთრი მანქანებით მოძრაობენ და არ მგონია, რომ სხვა ფერის მანქანით სარგებლობა უსაფრთხოების კუთხით რაიმე კომპრომისს უკავშირდებოდეს. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ საპილოტე ნაბიჯი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ყველამ ერთად განვახორციელეთ, იყო იაპონიის მთავრობიდან ძალიან დიდი საჩუქარი. იგივე სტანდარტი ჩვენ, თანდათან, მთელს მთავრობაში უნდა მივიღოთ და უარი ვთქვათ შავი, დაბურული ჯიპებით სიარულზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

დღეს, 2 თებერვალს იაპონიის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანები გადასცა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად უწყებამ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ავტოპარკის განახლებას იწყებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა შავი ჯიპების შესახებ განცხადება 2016 წლის 15 აპრილსაც გააკეთა. მაშინ გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ მთავრობისა და მოქალაქეების ცხოვრების საშუალო დონეს შორის გარკვეული ნაპრალია.

“საერთოდ, მე პირადად, შავი ჯიპები დასანახავად მეზარება, პირდაპირ გეუბნებით და საერთოდ, შავი მანქანა აღარ მიყვარს”, – თქვა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდათა ქაჯაია: მინისტრის დაპირებები და გეგმები სრულდება
შემდეგი სტატიავასო ურუშაძე: ეკოლოგიასთან ერთად ეს არის საქართველოს ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი ეკონომია