კვირიკაშვილი: ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მთელი ჩვენი ენერგია ადამიანის გადარჩენაზე იყო ორიენტირებული

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ 2016 წელი უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი არჩევნების წელი იყო.

ამის შესახებ მან მიმდინარე წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2016 წელი შეაჯამა და 2017 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

„2016 წელი ეს იყო უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების წელი, რომელიც „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა. ეს იყო მნიშვნელოვანი ცვლილება არჩევნების ჩატარების კულტურაში. ვფიქრობ, ძალიან მისასალმებელია, რომ დემოკრატიული არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რაც ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ლოგიკურია, რომ არჩევნებზე ჩვენ ახალი და კონკრეტული გეგმით წარვსდექით ხალხის წინაშე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მოქმედი მთავრობის სლოგანი იყო „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, რაც მათ მიერ არჩეულ მთავარ ხაზს რეალურად აჩვენებს.

„ის პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ არის აღნიშნული. შესაბამისად, მთელი ჩვენი ენერგია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ადამიანის გადარჩენაზე იყო ორიენტირებული. ჩვენ გვქონდა კონკრეტული გამოწვევები, 2012 წლიდან მოყოლებული და ვინაიდან ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე იყო დასაყენებელი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანზე ზრუნვა დავიწყეთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: უდიდესი პასუხისმგებლობაა – აირჩიო არამარტივი, ჩვენი პროგრამის ძირითადი ნაწილი 2017 წლიდან დაიწყება
შემდეგი სტატიაპრემიერი ვიზალიბერალიზაციაზე: უახლოეს დღეებში ყველა საჭირო პროცედურის დასრულებას ველოდებით