საქართველოს ორგანიზებით, გაეროში პირველად, ეფექტური ინსტიტუციების თემაზე, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა

434_57813_567103_GIO74255_650საქართველოს მიდგომა, მიზნად ისახავს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების შექმნას ყველა დონეზე და სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ეს სისტემა საქართველოში უკვე მუშაობს, – ელექტრონული მმართველობის, გამჭვირვალობისა და საჯარო მომსახურების მიმართულებით, საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში ისაუბრა.
მაღალი რანგის შეხვედრას, რომელიც გაეროში პირველად, საქართველოს ორგანიზებით გაიმართა, მხარი დაუჭირეს ესტონეთმა, სამხრეთ კორეამ, ბელგიამ და გაეროს განვითარების პროგრამამ. ღონისძიების მთავარი თემა იყო ეფექტური, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე ინკლუზიური ინსტიტუტების განვითარებას, ელექტრონული მთავრობის და საჯარო სერვისის გზით.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას, ხაზგასმით აღნიშნა პროგრესი, რომელსაც საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით მიაღწია.
“ჩვენმა მთავრობამ წამოიწყო მე-16 მიზნის განხორციელება, რომლის მიზანიცაა „ყველა დონეზე ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების შექმნის” პრიორიტეტიზაცია, რაც ჩვენი მხრიდან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებისკენ გამიზნული ძალისხმევის არსებითი ნაწილია. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ამ სფეროში ჩვენ დიდი პროგრესი გვაქვს, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის გაეროს განვითარების პროგრამას, რომლის მხარდაჭერა და დახმარებაც ფასდაუდებელია ჩვენი საქმიანობისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მაქვს ჩვენი წარმატებული ისტორიების წარდგენის შესაძლებლობა. ჩემი აზრით, საქართველოს გამოცდილება სასარგებლო გაკვეთილი შეიძლება გახდეს სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც განვითარების გზაზე იმავე მიზნებისთვის იღვწიან”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო ბიზნესსახლის პროექტს, რომელსაც საფუძველი ცოტა ხნის წინ ჩაეყარა და რომელიც ბიზნესისთვის, 600-ზე მეტი სერვისის ერთ ფიზიკურ და ელექტრონულ სივრცეში მიწოდებას გულისხმობს.
“ჩვენს თავს დავუსვით კითხვები – რა როლის შესრულება შეუძლია ელექტრონულ მმართველობას საქართველოს ბიზნესსექტორისთვის? რამდენად მარტივად ხელმისაწვდომია ბიზნესმენებისთვის ჩვენი მომსახურება? რა სარგებელს მოუტანს ჩვენს ეკონომიკას ბიზნესსექტორის საქმიანობის ხელშეწყობა? როგორ აისახება ეს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე? ჩვენი პასუხების საფუძველზე კი დაიწყო ახალი პროექტი სახელწოდებით ბიზნესსახლი. ბიზნესსახლი არის რევოლუციური მოდელი, რომელიც ეფუძნება საჯარო-კერძო პარტნიორობის პრინციპს და უზრუნველყოფს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომსახურების მიწოდებას ერთ სივრცეში და ერთიანი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. ამ პლატფორმის საშუალებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს 600-ზე მეტი მომსახურების ტიპის მიწოდებას და თითოეული მათგანი ხელმისაწვდომია ერთიან ფიზიკურ და ელექტრონულ სივრცეში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, პროგრესული და თანამედროვე მთავრობის მთავარი ბენეფიციარები უნდა იყვნენ ქვეყნის მოქალაქეები და ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლებსაც საფუძვლად დაედო იდეა, რომ ტექნოლოგიების მიზანი უნდა იყოს ბიუროკრატიის შემცირება და მოქალაქეთა ცხოვრების გამარტივება.
“დღეს, ელექტრონული მმართველობის მეშვეობით ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ
• მოქალაქეები/ბიზნესები მთავრობას აწვდიან ინფორმაციას ერთჯერადად – მომხმარებლის შესახებ მთელი ინფორმაცია გაზიარებული იქნება ყველა სახელისუფლებლო ორგანოსთან, შიდა გზებით, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის მეშვეობით;
• ყველა მომსახურება იმთავითვე შეიქმნება და მიწოდებული იქნება ციფრულ ფორმატში;
• სამთავრობო მომსახურების ყველა ტიპი ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებელთათვის ერთიანი ფრონტოფისის ფარგლებში, სადაც წარმოდგენილი იქნება 19 სამინისტრო და 50 სააგენტო;
• ყველა მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი ყველგან, ყველა რეგიონულ სამთავრობო ოფისში, მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ სპეციალური ინიციატივების შესახებ, რომლებიც მთავრობამ, მდგრადი განვითარების მე-16 მიზნით გათვალისწინებული ინკლუზიურობისა და მოდერნიზაციის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებისთვის, საქართველოს ქალაქებისთვის, პატარა დასახლებებისა და სოფლებისთვის შეიმუშავა – ეს არის საზოგადოებრივი ცენტრები.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დიდ ქალაქებში, ერთ სივრცეში მომსახურების სწრაფი, ეფექტიანი და კომფორტული მიწოდება უზრუნველყოფილია იუსტიციის სახლების მეშვეობით, სადაც მომხმარებლებს კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში სწრაფად და მარტივად მიეწოდებათ 300-ზე მეტი ტიპის მომსახურება, რაც ექსკლუზიურად მთავრობის კომპეტენციაა.

საქართველოს პატარა ქალაქებისა და სოფლებისთვის შექმნილი საზოგადოებრივი ცენტრები კი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სრულფასოვან ჩართვას ქვეყნის განვითარების პროცესში.

“საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობისთვის ადგილზევე ხელმისაწვდომი იქნება მომსახურების დიდი ნაწილი და ინფორმაცია – ისინი შორ მანძილზე, მუნიციპალურ ცენტრსა თუ დედაქალაქში მგზავრობის გარეშე შეძლებენ საჯარო მომსახურების 200-ზე მეტი ტიპით სარგებლობას. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ამით მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო იოლი იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად ჩართვა: საზოგადოებრივი ცენტრები თავს უყრის თანამედროვე ტექნოლოგიებს, საჯარო და კერძო სექტორების მომსახურებას, ბიბლიოთეკებს, უფასო ინტერნეტსა და ელექტრონულ ბიბლიოთეკას, ასევე ერთ სივრცეში მოქალაქეთა ჩართულობის ადგილებს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რეაგირება მოვახდინოთ ადგილობრივ დონეზე არსებულ საჭირბოროტო საკითხებზე. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მომსახურების გაუმჯობესება. ელექტრონული მმართველობის დანერგვის კომპონენტი გულისხმობს საქართველოს სოფლებისა და ცენტრებიდან დაშორებული რაიონების სათანადო ჩართვას საჯარო მომსახურების ციფრულ რეჟიმში გადასვლის პროცესში, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებას. მუნიციპალური მენეჯმენტის სისტემა მოიცავს ათ ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას, რომლებსაც უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისუფლება. ამ სისტემის განხორციელების შედეგად, გაიზარდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხი. ასე რომ, საზოგადოებრივმა ცენტრებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მთავრობასა და მოქალაქეებს შორის საინფორმაციო ნაკადის სისწრაფის გაუმჯობესებასა და მათ შორის ურთიერთობის ახლებურად ჩამოყალიბებაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში განხორციელებული წარმატებული ელექტრონული მმართველობის ორი მაგალითი დაასახელა – ელექტრონულად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა და ელექტრონული სამთავრობო კომისია.
პრემიერის თქმით, ხელისუფლების სურვილია, საქართველოს მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად თავისუფალი წვდომა ჰქონდეთ საჯარო ინფორმაციაზე, რისთვისაც დაინერგა ელექტრონული კომუნიკაციის მომსახურება, ე.წ. მოქალაქეთა პორტალი.
“ის საშუალებას მისცემს ქვეყნის მოსახლეობას, მთავრობასთან ურთიერთობა აწარმოოს ელექტრონულად. დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის განაცხადით 60 საჯარო დაწესებულებას მიმართონ, ინფორმაცია მოიპოვონ განაცხადის სტატუსთან დაკავშირებით და ელექტრონულადვე მიიღონ პასუხი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ელექტრონული მმართველობის კომისია კი, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ხელს შეუწყობს ელექტრონული მმართველობის განვითარებას და კოორდინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით; მოახდენს ინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფას და ჩამოაყალიბებს მონაცემთა გაცვლის სისტემას საინფორმაციო რესურსზე წვდომის უზრუნველსაყოფად.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ელექტრონული მმართველობისა და ეფექტიანი საჯარო მომსახურების უზრუნველყოფის გზით განხორციელებული ინოვაციები უფრო დააახლოებს მთავრობას, კერძო სექტორსა და მოქალაქეს, შედეგად, კი უკეთესი და მეტი ბერკეტი იარსებებს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად.
“ეს არის ძირითადი გზავნილი, რომელიც დღეს გვსურს გავაჟღეროთ, რადგან სახელმწიფო განვითარების მიზნები არ არის იოლი. ეს განსაკუთრებით მე-16 მიზანს ეხება. თუმცა არც ერთი მათგანი არ არის შეუსრულებელი. ჩემი აზრით, მკაფიო გეგმის არსებობაა საჭირო. ეს უნდა იყოს ეროვნული კონცეფცია, რომელიც გამჭვირვალე სამთავრობო უწყებების მიერ იქნება შემუშავებული სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად. ეს გახლავთ საქართველოს მიერ შერჩეული მიდგომა, რაც მიზნად ისახავს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების შექმნას ყველა დონეზე. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ეს სისტემა საქართველოში უკვე მუშაობს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასაც დაუთმო.
“საქართველოს ეროვნული კონცეფცია იანვარში იქნა მიღებული არსებული მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკის შემდგომ მოდერნიზაციას. ძირითადი აქცენტი კეთდება ღია მმართველობისა და საჯარო მომსახურების მოდერნიზაციაზე ბიუროკრატიული ბარიერების შემცირების, ეფექტიანობის გაზრდის, მომატებული გამჭვირვალობის, საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის გზით. ჩემ მიერ აქ წარმოდგენილი ყველა პროექტი ამ კონტექსტში ერთიანდება. მზად ვართ, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება დაინტერესებულ მხარეებს, რადგან მჯერა, რომ ბევრ სარგებელს მივიღებთ დონორი სააგენტოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების გაერთიანებით. სამხრეთის მიმართულებით თანამშრომლობა ერთ-ერთი პლატფორმაა, რომელიც სრულად უნდა იქნეს ათვისებული. საქართველოს შეუძლია და უკვე ეხმარება კიდეც საკუთარი ექსპერტული ცოდნითა და საკადრო რესურსით სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებს. თავის დროზე, ელექტრონული მმართველობის განვითარების სფეროში, საქართველომაც ისარგებლა ესტონეთის დახმარებითა და მხარდაჭერით”, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა, მე-16 მიზნის შესასრულებლად განსაზღვრული ძალისხმევის კოორდინაციის ფორმატში კონსტრუქციული მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა, რაც ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს თავმჯომარეობის პერიოდში იქნება შესაძლებელი და 2017 წლიდან დაიწყება.
“2030 წლამდე გაწერილი პროგრამა ეფუძნება ღია მმართველობის პარტნიორობის ძირითად პრინციპებს და მისი ორიენტირები ღია მმართველობის პარტნიორობასთან თავსებადია. ამდენად, ეს პარტნიორობა ყველაზე მოქნილი და ინოვაციური პლატფორმაა ამ მიზნების მისაღწევად. დასკვნის სახით დღევანდელი ტრიბუნიდან მინდა გითხრათ საქართველოს მთავარი სათქმელი – იმისთვის, რომ მივაღწიოთ უნივერსალურ მიზნებს, შევქმნათ ეფექტიანი და ანგარიშვალდებული ინსტიტუციები, აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო და კოორდინირებული ძალისხმევა, თუმცა ამ იდეის გამტარებელი და ავტორი ეროვნული ხელისუფლება უნდა იყოს. კეთების პროცესში ვსწავლობთ, მაგრამ ერთად უნდა ვისწავლოთ და ერთად ვაკეთოთ საქმე. სწორედ ამიტომ გახლავთ დღევანდელი ღონისძიების მსგავსი შეკრებები მნიშვნელოვანი”, – განაცხადა პრემიერმა და შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა. ღონისძიების მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს წარმატების ისტორიები, ასევე, განიხილეს გამოწვევები ელექტრონული მმართველობისა და მარტივად ხელმისაწვდომი საჯარო მომსახურების უზრუნველყოფის გზაზე, რაც, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შექმნისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრას 30-ზე მეტი ქვეყნის მინისტრი და მთავრობის წარმომადგენელი დაესწრო.

banner
წინა სტატიაშირომელ ქვეყნებში ღებულობენ ყველაზე დიდ ხელფასს მასწავლებლები?
შემდეგი სტატია“კეთების პროცესში ვსწავლობთ, მაგრამ ერთად უნდა ვისწავლოთ და ერთად ვაკეთოთ საქმე”