კვირიკაშვილი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის (Georgia Caucus) წარმომადგენლებს – ტედ პოს და ჯერალდ კონოლის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს მეგობართა ჯგუფის საქმიანობის მნიშვნელობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისთვის.
კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საუბარი შეეხო ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების აუცილებლობას.
მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს და ყურადღება გაამახვილეს ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა მზაობა, შეიტანოს წვლილი გლობალური მშვიდობის დამყარების საქმეში.
“ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მთავრობის გეგმებზე და ეკონომიკურ განვითარებაზე, საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობაზე, რუსეთის საფრთხეზე და იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იდგეს საქართველოს გვერდით. ჩვენ გვინდა, განვახორციელოთ ეკონომიკური მოლაპარაკებები საქართველოსთან, ვიქონიოთ უფრო მყარი სავაჭრო ურთიერთობები. ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ კარგი ეკონომიკური ურთიერთობა, აქვთ კარგი პარტნიორობა,” – განაცხადა კონგრესმენმა ტედ პომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მიერ თურქეთისათვის გადაცემული ტერიტორიის ფოტოები თურქულმა მედიამ გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაიან კელი: სტივ რასელის შეხედულებები აშშ-ს მთავრობის პოლიტიკას არ ასახავს