“კურიერის” ექსკლუზივი – ჩატაევის საქმის სკანდალური მასალები

კურიერმა აჰმედ ჩატაევის საქმის მასალები მოიპოვა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ბერი გაბრიელი სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული პირები სპეცოპერაციამდე თბილისის ქუჩებში, მაღაზიებში, ბანკებსა და სავაჭრო ცენტრებში გადაადგილდებოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი და ჩატაევის რაზმის წევრები ერთად ჩანან. ვიდეო ვაგზლის მოედანზე, სავაჭრო ცენტრ პასაჟის მობილური ტელეფონების მაღაზიებშია გადაღებული.

კადრებში კიდევ ერთი პირი ჩანს, რომელიც ჩატაევის თანამებრძოლებს ესაუბრება, თუმცა მისი სახე სუს-მა დაფარა.

კურიერის მოპოვებულ კადრებში თემირლან მაჩალიკაშვილი, ასლანბეგ სოლტახმედოვი, შოაიფ ბორზიევი და მეოთხე პირი ჩანს, რომელის ვინაობასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასაიდუმლოებს და გავრცელებულ მასალაში მის სახეს მალავს.

უცნობი პირი არც ლიკვიდირებულებს და არც დაკავებულებს შორის არააა.

კურიერის ინფორმაციით, ის ერთ-ერთი ბრალდებულია, რომელიც სამართალდამცველებს გაექცათ. კონფიდენციალური წყაროს ცნობით, მან საქართველოს სარფის საბაჟო პუნქტის გავლით დატოვა.

ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ რამაზ მარგოშვილის მეუღლე ამტკიცებს, რომ ჩატაევის დაჯგუფების წევრები პანკისის ხეობაში შარშან ჩავიდნენ და ადგილობრივებს ტურისტებად გაეცნენ.

ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი სპეცოპერაციის საქმის მთავარი მტკიცებულებები კურიერის ხელში რამდენიმე დღის წინ აღმოჩნდა. რამდენიმესაათიანი ვიდეომასალის გარდა, სადაც ბრალდებულების ქუჩაში გადაადგილებაა გადაღებული, საქმეში დევს სარფის სასაზღვრო პუნქტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბრალდებულების მიერ საზღვრის კვეთა უნდა იყოს ასახული.

მტკიცებულებებს შორის ერთი წერილი რუსულ ენაზეა, კიდევ ერთი წერილი კი არაბულ ენაზეა დაწერილი.

საქმის მასალების მიხედვით, სამართალდამცველებმა ბერი გაბრიელის ქუჩაზე ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს იმ მობილურის საგარანტიო ფურცელიც, რომელიც სპეცოპერაციამდე 9 დღით ადრე დაჯგუფების წევრებმა ვაგზლის ტერიტორიაზე იყიდეს, თუმცა, ალმოდებული სახლიდან, სადაც, თითქმის, ყველაფერი დამწვარია, საგარანტიო ფურცელი საქმის მასალებით უვნებელი გადარჩა.

https://youtu.be/w8W-bAVlb_g

 

 

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით მიღებას გამართავს
შემდეგი სტატიაპეტრო პოროშენკო პირობას დებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ არ წავა