კუდ-ის ყოფილმა უფროსმა ლევან ქარდავამ ჩვენება შეცვალა და წარდგენილ ბრალდებას აღარ აღიარებს

კუდ-ის ყოფილმა უფროსმა ლევან ქარდავამ ჩვენება შეცვალა და წარდგენილ ბრალდებას აღარ აღიარებს. როგორც დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, რომელიც 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრების უკანონო მოსმენას და ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებულ საქმეს ეხებოდა, განაცხადა, რომ მისგან აღიარებითი ჩვენება გამოძიებამ ზეწოლის შედეგად მიიღო.

ქარდავამ პროცესზე დაკითხვისას სასამართლოს ახალი ჩვენება მისცა და შესაბამისად, უარყო მისი მხრიდან უკანონო ქმედებების ჩადენა. კერძოდ, როგორც კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, 2012 წელს, დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელთა თათბირზე იყო ნათქვამი, რომ არსებობს ინფორმაცია კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა ბიძინა ივანიშვილს. მისი თქმით, დეპარტამენტებს და სამმართველოებს დაევალათ ინფორმაციების შეგროვება, ხოლო რამდენიმე დღეში მათ მიიღეს ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრების მოსმენის კანონიერი ბრძანება.

„როდესაც კაბინეტში ვიყავი, შემოვიდა ჩემი მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი და მითხრა, რომ ბესიკ სურმავა არის მისი ნათესავი და შეუძლია კონტაქტის დამყარება. მეორე დღეს ბოჭორიშვილმა მითხრა, რომ სურმავასთან ოპერატიული კონტაქტი დამყარებულია. ის არ იყო ჩვენი აგენტი, არამედ იყო პირადი კონტაქტი და კონტაქტის დამყარება უკანონობა არ არის“, – განაცხადა ლევან ქარდავამ.

როგორც კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი განმარტავს, მას სურმავასთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონდა და შესაბამისად, უცნობია, რა ინფორმაციას აწვდიდა და აწვდიდა ის თუ არა საერთოდ ინფორმაციას ბოჭორიშვილს.

რაც შეეხება შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, ქარდავას განმარტებით, როდესაც კუდ-ის ხელმძღვანელად დაინიშნა, ბოჭორიშვილი გახდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი და შესაბამისად, ”აღნიშნული პირადი კონტაქტი, ბესო სურმავას სახით, მას გადაყვა”.

კუდ-ის ყოფილი უფროსის ინფორმაციით, ბესიკ სურმავას, როგორც მისთვისაა ცნობილი, კონკრეტული თანხები რამდენჯერმე აქვს აღებული ინფორმაციის სანაცვლოდ.

„სურმავას რამდენჯერმე აქვს თანხა აღებული იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც კანონი ამის საშუალებას გვაძლევდა, თუმცა ჩვენთვის უცნობია, გადაეცა თუ არა მას 150 000 ევრო, რადგან ის იყო ბოჭორიშვილის პირადი კონტაქტი და სოდ-ში გადასვლის შემდეგ მას გადაყვა“, – განაცხადა ქარდავამ.

რაც შეეხება ბესიკ სურმავას მიერ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟთან დაკავშირებით, ლევან ქარდავას განცხადებით, მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს.

„არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი არ არსებობს, რომელიც ბესიკ სურმავას მაკომპრომეტირებელი იქნებოდა და რაზეც სურმავამ ისაუბრა დაკითხვისას. ასეთი ჩანაწერი რომ ყოფილიყო, საქმეში მაინც ჩაიდებოდა და სასამართლოს ექნებოდა მტკიცებულების სახით“, – განაცხადა ქარდავამ.

banner
წინა სტატიაში“კითხვაზე, ნატო თუ რუსეთი, გეტყვით – ნატო, ხოლო ბერძენიშვილი თუ მეჭიაური? ვამბობ – მეჭიაური
შემდეგი სტატიაევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს 20 მაისს განიხილავს