კონსტანტინეპოლის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს“დიდი და წმინდა კრების” წინ, რომელიც 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე უნდა გაიმართოს და რომელსაც ზოგიერთი მე-8 საეკლესიო კრებასაც კი უწოდებს, დიდი დაპირისპირებაა და ერთ-ერთი მხარე საქართველოს ეკლესიაა. დაპირისპირება კი იმდენად დიდია, რომ ის კულუარებიდან გარეთ გამოვიდა და მსოფლიო საპატრიარქო და საქართველოს ეკლესია ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ტონითა და ბრალდებებით აღსავსე საჯარო წერილებითაც კი მიმართავენ.

ბრალდებები პირველად კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან გაისმა – მათ საქართველოს ეკლესია “ხისტ და გამაღიზიანებელ” ქცევაში, დიდი და წმინდა კრების ჩატარების საკითხის “ჩიხში შეყვანაში”, “ფუნდამენტალიზმსა” და “შუასაუკუნეებში დაბრუნების სურვილში” დაადანაშაულეს.

ქართული მხარე კი საპასუხოდ კონსტანტინეპოლს ქართველებისადმი შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს დელეგატებს არ ეძლევათ პოზიციების დაფიქსირების უფლება. მეტიც, “სხდომების მუშაობაში საქართველოს დელეგაციის სრულფასოვნად ჩართვის საკითხი კენჭისყრაზეც კი დააყენეს, რის გამოც საქართველოს წარმომადგენლებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს”.

იმდენად დაძაბულია ურთიერთობა კონსტანტინეპოლსა და საქართველოს შორის, რომ შესაძლოა, “დიდი და წმინდა კრების” ჩატარებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე “მთელ კვირასთან” საუბარში ამბობს, რომ კონსტანტინეპოლისა და საქართველოს ეკლესიებს შორის დაპირისპირება არაა, უბრალოდ საქართველომ ტყუილებს პასუხი გასცა.

“უბრალოდ, საქართველოს ეკლესიამ პასუხი გასცა, რომ სიმართლე იყოს ცნობილი. ადამიანი რომ ტყუილს წერს, აი, თქვენზე რომ დაწეროს ვიღაცამ ტყუილი, პასუხს ხომ გასცემთ, რომ ასე არ არის?! ასე იყო ესეც,” – აცხადებს მამა გიორგი ზვიადაძე.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკლესიამ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობა არ მიიღოს.

ბრალდებები კონსტანტინეპოლიდან

14 საყოველთაოდ აღიარებული ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია დიდ კრებას პირველად ატარებს და მართლმადიდებელ სამყაროში ეს დიდი მოვლენაა.

წინასწარ ისედაც მოსალოდნელი იყო, რომ ეს სამზადისი დიდი დაპირისპირების ფონზე წარიმართებოდა. თუმცა, დაპირისპირება ასე საჯარო და შეურაცხმყოფველ სახეს თუ მიიღებდა და თან ამ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მთავარი როლი საქართველოს ეკლესიას თუ ექნებოდა, ამას არავინ პროგნოზირებდა.

კრებაზე სულ 6 საკითხის გატანა იგეგმება. გადაწყვეტილება კონსესუსის გზით უნდა მიიღონ. ამდენად, ერთი ეკლესიის წინააღმდეგობაც უკვე იმას ნიშნავს, რომ საკითხი დაიბლოკება და ამიტომაც 14-ვე ეკლესიის თანხმობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კრებაზე გასატანი 6 საკითხი იანვრის ბოლოს შვეიცარიაში შეთანხმდა. საქართველომ ერთი საკითხის – “ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზების” არსებული სახით გატანას ხელი არ მოაწერა. მეორე საკითხი, “მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან”, შესწორდა და პატრიარქმა ილია ||-ემ მას ხელი მოაწერა. ამას მაშინ “მთელ კვირასთან” საუბრისას ადასტურებდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. თუმცა, ახლა სწორედ ამ ხელმოწერილი დოკუმენტის ირგვლივ აგორდა სკანდალი მსოფლიოსა და საქართველოს საპატრიარქოებს შორის.

მარტის დასაწყისში კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ცეცისმა ბერძნულ საეკლესიო ამბების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, სათაურით – “სიმართლეა თუ პროვოკაცია საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილება?”, სადაც წერს, რომ ქართველმა დელეგატებმა მათ “სული ამოხადეს”, სანამ არ მიაღწიეს იმას, რომ დოკუმენტში “მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან” შესულიყო არაერთი ცვლილება მათი პოზიციების ამსახველი მოსაზრებებიდან. ამ ცვლილებას ხელი მოაწერეს, თუმცა თბილისში ჩასვლის შემდეგ გამართულ წმინდა სინოდის კრებაზე ეს ხელმოწერილი თანხმობა უარყვეს და ამ უკანდახევის გამო დაიწყო ბრალდებებიც.

წერილში წერია, რომ მართლმადიდებლურ შეკრებებსა და კომისიებში მონაწილე “ქართველი ძმების ხისტი და სქოლასტიკური ქცევა გამაღიზიანებელია და ჩიხში შემყვანი”. თუმცაღა, აღნიშნული შეიძლება გარკვეულწილად აიხსნას იმ უბედურებებით, რაც თავს დაატყდა საქართველოს ეკლესიას ბოლო 25 წლის მანძილზე”.

პროტოპრესვიტერი წერს, რომ საქართველოს ეკლესია 1962 წელს თავისი ნებით გაერთიანდა მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში საგანგებო ცერემონიალით. საბჭოს დაფინანსებით საქართველოს ეკლესია იღებდა ჰუმანიტარულ დახმარებას, თუმცა, 1997 წელს ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველომ მსოფლიო ეკლესიის საბჭო დატოვა და მისი თქმით, ეს ყველაფერი ფუნდამენტალისტური წრეების ზეგავლენით მოხდა.

პროტოპრესვიტერ ცეცისის თქმით, მსოფლიო ეკლესიის საბჭოს დატოვების მიზეზი ოთხი წინამძღვრისა და ოცამდე ბერმონაზვნის “აჯანყება” გახდა, რომლებიც იმყოფებოდნენ რა რუსული საზღვარგარეთის ეკლესიისა და ბერძენი ძველმესტილეების “კვიპრიანეს სქიზმის” საფარქვეშ, პოლიტიკური წრეებისგან წაქეზებულნი, ჩათრეულნი აღმოჩნდნენ გეგმაში, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში პოლიტიკური არეულობის შექმნას, რასაც უნდა მოჰყოლოდა პატრიარქ ილია ||-ის გადაყენება.

მამა გიორგი ცეცისი წერს, რომ შემთხვევითი არ იყო, რომ საბჭოდან გამოსვლაზე საქართველოს პატრიარქის წერილი გაიგზავნა საპატრიარქოში შეიარაღებული მეამბოხეების მივარდნიდან სულ რაღაც ორი დღის შემდგომ.

ბერძენი სასულიერო პირი წერილს იმით ასრულებს, რომ საქართველოს ეკლესია ფუნდამენტური წრეების ტყვეობაში იმყოფება და “ამიტომაც კარგი იქნებოდა, თუკი ის მართლმადიდებელი ეკლესიები, რომლებიც სარგებლობენ გარკვეული ზეგავლენით აღმოსავლეთ ევროპაში (და რომელთაც კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მთელი კრებისწინა მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში), გაგზავნიდნენ შეტყობინებას თბილისში, რომ რაც უნდა ტყვეობაში იმყოფებოდეს რომელიმე ეკლესია ფუნდამენტალისტური წრეებისა, რომელთაც სურთ თავიანთი ქვეყნის შუა საუკუნეებში დაბრუნება, მაინც არ არის ძმური საქციელი, მძევლად იყოლიო 13 ეკლესია და 300 მილიონ მორწმუნეზე მეტი.”

მართალია, ამ წერილში დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელი ეკლესიის ზეგავლენას მიჰყვება საქართველოს ეკლესია კვალდაკვალ, თუმცა, დიდი ალბათობით, მინიშნება რუსულ ეკლესიაზეა.

პასუხი საქართველოს ეკლესიიდან

ბერძენი პროტოპრესვიტერის ბრალდებებს ასევე საჯარო წერილით პასუხობს წმინდა და დიდი კრების სამდივნოში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლად დანიშნული გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, რომელიც წერს, რომ შეეცდება მამა გიორგი ცეცისის მხრიდან სტატიაში გაჟღერებულ შეურაცხყოფას მოთმინებით მოეკიდოს და მხოლოდ ფაქტებით ისაუბროს.

მეუფე ანდრია იმ დაძაბულ ვითარებაზე წერს, რაც დოკუმენტების განხილვისას წლებია ხდება და რომელზეც ბერძენი საეკლესიო პირი წერს, რომ “ქართველი ძმების ქცევა გამაღიზიანებელი და ჩიხში შემყვანია”.

მისი თქმით, შეხვედრების თავმჯდომარე კომისიის წევრებს განსახილველად გამოტანილ დოკუმენტებში “არსებითი ხასიათის ცვლილებების” შეტანის საშუალებას არ აძლევდა.

“თუმცაღა, ეს აკრძალვა რატომღაც არ ვრცელდებოდა იმ ცვლილებებზე, რომლებიც ან თავად თავმჯდომარისგან იქნა ინიცირებული, ან მის მოწონებას იმსახურებდა,” – აღნიშნულია წერილში.

მეუფე ანდრია წერს, რომ როდესაც საქართველოს დელეგატები ქ კრებისწინა საერთო მართლმადიდებლურ შეკრებაზე ჩავიდნენ, სიურპრიზები დახვდათ. ანტიოქიისა და საქართველოს დელეგატებს საკითხებზე არ მიეცათ პოზიციების დაფიქსირების უფლება იმ მოტივით, რომ წინასწარ წერილობითი ფორმით არ იყო ცვლილებებზე წინადადება წარდგენილი.

უფრო მეტიც, კენჭისყრაზე დააყენეს საკითხი, საერთოდ მისცემოდა თუ არა საქართველოს დელეგაციას სხდომების მუშაობაში სრულფასოვანი ჩართულობის უფლება, რის გამოც საქართველოს წარმომადგენლებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. საბოლოოდ, ეს უფლება საქართველოს დელეგაციას “მოენიჭა”, თუმცაღა დოკუმენტის მხოლოდ ნაწილის განხილვაში შეძლეს ქართველებმა სრულყოფილად მონაწილეობის მიღება.

“თუკი ამას “ხისტი და სქოლასტიკური ქცევა” ეწოდება, მაშინ რა შეიძლება ეწოდოს კომისიის თავმჯდომარის საქციელს, რომელიც შვიდი საათის განმავლობაში ცდილობდა “დაერწმუნებინა” ეკლესიათა დელეგატები ერთი პარაგრაფის მისთვის სასურველი სახით მიღებაზე?!” – ნათქვამია წერილში.

მეუფე ანდრიას თქმით, საქართველოს ეკლესია არც “ფუნდამენტალისტური წრეების ტყვეობაში” იმყოფება და არც არანაირი ეკლესიები სარგებლობენ ჩვენზე “გარკვეული ზეგავლენით” და იანვრის შეკრებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გარკვევით ბრძანა, რომ იქ მიღებული დოკუმენტები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს წმინდა სინოდს წარედგინებოდა. წმინდა სინოდის კრებაზე კი დოკუმენტმა – “მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან” დაიმსახურა მწვავე და ცალსახა კრიტიკა.

ქართველი სასულიერო პირი მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან საქართველოს გამოსვლასაც ეხმიანება. წერს, რომ საბჭოდან გასვლა დოგმატური მიზეზების გამო მოხდა, საპატრიარქოში შეიარაღებული პირების მივარდნაზე საუბარს კი დეზინფორმაციას უწოდებს.

მეუფე ანდრია წერს იმასაც, რომ ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლიერები არიან, თუმცა “განა მატერიალური დახმარების სანაცვლოდ მორალურ პრინციპებზე უარის თქმა მიღებული წესია?”

მეუფე ანდრიას წერილი იმით სრულდება, რომ საქართველოს ეკლესია ემზადება წმინდა და დიდ კრებაზე მონაწილეობის მისაღებად კრეტაზე გასამგზავრებლად და ამდენად დოკუმენტების გამოქვეყნებას ელოდება.

რა შეიძლება მოჰყვეს კონსტანტინეპოლისა და საქართველოს დაპირისპირებას

თეოლოგ ლევან აბაშიძის თქმით, თავისთავად კრებაზე გასატანი საკითხების ირგვლივ უთანხმოება და აზრთა დაპირისპირება უნდა იყოს, მაგრამ სასურველია, რომ კომპრომისი გამოინახოს.

მისი თქმით, შეიძლება ვთქვათ ისიც, რომ “შეურაცხმყოფელი და მკვეთრი განცხადებები გაკეთდა კონსტანტინეპოლის მხრიდან და ეს არადიპლომატიურია”, თუმცა თვლის, რომ ქართულ მხარეს მკვეთრად კონსერვატიული და ფუნდამენტალისტური პოზიცია უჭირავს, კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და რადგანაც კრებაზე საკითხები კონსენსუსის გზით უნდა გადაწყდეს, საქართველოს ეკლესიას შეუძლია გადაწყვეტილებების დაბლოკვა, რითაც კრებას სრულიად უძლურს გახდის.

ლევან აბაშიძე: “შეიძლება უფრო რბილად უნდა თქმულიყო და დიპლომატიაში შეეშალათ, მაგრამ დიპლომატიის გარდა ჩვენ უნდა ვნახოთ ამ განცხადებების შინაარსი. იქნებ მართალია ეს განცხადება? როდესაც მსოფლიო საპატრიარქოს პროტოპრესვიტერი ამბობს, რომ ფუნდამენტალისტებმა აიღეს პირველობა და საქართველოს ეკლესიაში ისინი წყვეტენ ყველაფერსო, ეს განცხადება დიდწილად სწორია.

“ძალიან ბევრი წამყვანი თეოლოგის თვალსაზრისით, საქართველოს ეკლესია სწორი არ არის და ჩვენ საკმაოდ დესტრუქციული პოზიცია გვიჭირავს. ხოლო როდესაც კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის წამყვან ეკლესიებს უპირისპირდები, მათ, ვისაც ძალიან დიდი და ძლიერი თეოლოგიური სკოლები აქვთ, ცოტა უფრო მეტი საღვთისმეტყველო განათლება მაინც უნდა გქონდეს.

“ამ დაპირისპირებას შეიძლება მიჰყვეს ის, რომ საქართველოს ეკლესიის ასეთი ხისტი დამოკიდებულების გამო ვერ შედგეს ეს კრება. ზოგადად, რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო ძნელია ვეტოს გამოყენება და საკითხების დაბლოკვა და თუ საქართველო ბევრ საკითხს დაბლოკავს, გამორიცხული არ არის, საერთოდ გაუშვან კრებიდან”.

თეოლოგის თქმით, არ არის ლამაზი, როდესაც ერთი მართლმადიდებელი ეკლესია მეორეს ეუბნება, რომ შენ 1997 წელს ავტომატებით შეგაცვლევინეს აზრი და თვლის, რომ სჯობდა, ამის განხილვამდე არ მისულიყო საქმე.

ამბობს, რომ ეკლესიებს შორის ასეთი წერილები მართლა იშვიათია, იმიტომ, რომ ყოველთვის იცავენ ეტიკეტს და დიპლომატიას, თუმცა ასეთებიც ხდება, იგივე რუსეთისა და კონსტანტინეპოლის ეკლესიებს შორის და როგორც ჩანს, ახლა დუღილმა ისეთ წერტილს მიაღწია, რომ ეს ყველაფერი გასკდა.

თეოლოგი იმასაც ვარაუდობს, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესიამ შეიძლება ჩვენზე გავლენის მოსახდენად და დათმობებზე დასათანხმებლად აფხაზეთის თემაც კი გამოიყენოს.

“შესაძლოა კონსტანტინეპოლმა საქართველოს დიპლომატიური ხაზით უთხრას, რომ თუ კომპრომისზე არ წამოხვალთ და კრებას ჩაგვიშლით, გარკვეული დროის შემდეგ აფხაზეთი ჩვენგან ავტონიმიურ სტატუსს მიიღებს და ამის შემდეგ კი კონსტანტინეპოლი სასულიერო პირებს აკურთხებს აფხაზეთისთვის”, – აღნიშნავს აბაშიძე.

ის ასევე რუსეთისა და კონსტანტინეპოლის ეკლესიებს შორის პირველობის საკითხზე არსებულ დაპირისპირებაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ შესაძლოა რუსეთის ეკლესიას არ აწყობს კრების ჩატარება, რაც კონსტანტინეპოლის ეკლესიის, როგორც ინიციატორის, დიდი წარმატება იქნება. შესაძლოა რუსეთის ეკლესიას მომზადებული გადაწყვეტილებებიც არ მოსწონდეს, რადგან ისიც კონსერვატიულია, მაგრამ იქნებ ურჩევნია თავად არ გამოჩნდეს ობსკურანტი და კრება საქართველოს ხელით ჩაშალოს.

“გაეროში ხდება ხოლმე ამგვარად, როდესაც, მაგალითად, ჩინეთი თავს იკავებს ვეტოს დადებისგან, იმიტომ, რომ იცის, რომ იმ საკითხს რუსეთი მაინც დაადებს ვეტოს, ან პირიქით. შეიძლება იგივე თამაში იყოს აქაც.

“ნიშანდობლივია, რომ ბერძენის ამ წერილში რუსეთის გავლენაზე მინიშნებებსაც ვხედავთ. თუმცა, ჩვენ იმდენაც გულწრფელი ე.წ. ფუნდამენტალისტები გვყავს, რომ მათ რუსეთიდან ინსტრუქციები არ სჭირდებათ. შეიძლება რუსებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ ისე, რომ რუსეთთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ,” – დასძენს აბაშიძე.

წყარო: “რეზონანსი”

banner
წინა სტატიაშინათია ფანჯიკიძე: ბოდიშს გიხდით ბავშვებო ყველაფრისთვის
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილი ჟურნალისტებს: რატომ გგონიათ, რომ მე საარჩევნო სიაზე ვოცნებობ?