კომპანია Stadler-ი ორსართულიან მატარებელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ ორსართულიანი მატარებლის შეძენასთან დაკავშირებით, მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ მცდარ მოსაზრებას, რომელიც Stadler KISS-ის მატარებლის საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე (მათ შორის გვირაბები) თავსებადობას შეეხება, შვეიცარული კომპანია Stadler სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია: „ჩვენი პროდუქტის, მოცემულ შემთხვევაში, Stadler KISS-ის 1520 მმ-იან ლიანდაგზე საოპერაციოდ დაშვება განისაზღვრება ГОСТ 9238-83-ით ,,ნაგებობათა და რკინიგზის 1520 (1524 მმ) სივრცის მოძრავი შემადგენლობის მიახლოების გაბარიტები“.

აღნიშნული ГОСТ განსაზღვრავს მაქსიმალურად დასაშვებ ზომებს მატარებლებისათვის და მიახლოებისას მინიმალურად დასაშვებ ზომებს ისეთი ნაგებობებისათვის, როგორიც არის გვირაბები, ხიდები და ბაქნები. მოძრავი შემადგენლობებისათვის არსებობს სამი ძირითადი გაბარიტი (Т, 1-Т, ВМ), რომელთაგანაც Т ყველაზე მოცულობითია. ხელოვნურ ნაგებობებთან მიახლოებისათვისაც არსებობს ზუსტად ანალოგიური კლასიფიკაციები, შესაბამისი რეზერვის გათვალისწინებით, რათა მოძრავი შემადგენლობა არ შეეხოს ნაგებობებს, მათ შორის საქართველოს რკინიგზაზე არსებულ გვირაბებს და სხვა ხელოვნურ ნაგებობებს.
საქართველოს რკინიგზის მიერ შეძენილი Stadler KISS მატარებლები შეესაბამება Т გაბარიტს და იგი შემოწმებულია არა მხოლოდ ნახაზების შედარებით, არამედ პრაქტიკული გაზომვის გზითაც.
საგულისხმოა, რომ შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისობა შემოწმებული და დადასტურებულია გერმანიის რკინიგზის (Deutsche Bahn AG – DB international) შესაბამისი ექსპერტების მიერ და გაცემულია დადებითი დასკვნა.
მგზავრთა განსათავსებლად მეორე სართულის მოწყობა დასაშვებია, ვინაიდან ძველი, ერთსართულიანი მატარებლები არ გამოიყენებენ გაბარიტის სრულ სიმაღლეს, ხოლო ორსართულიანი Stadler KISS მატარებელი ვერც კი ავსებს Т გაბარიტს.
ორსართულიანი ელექტრო KISS მატარებლები, რომლებიც საქართველოს რკინიგზისთვისაა განკუთვნილი, შვეიცარიელი ინჟინრების მიერ არის შემუშავებული, რა დროსაც მათ შვეიცარიის, გერმანიის, ავსტრიისა და ლუქსემბურგის, ანუ ევროპელი დამკვეთებისათვის დამზადებული, მსგავსი კონსტრუქციის მატარებლები შექმნეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის განცხადება “საქართველოს რკინიგზის” ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: “მთის კურორტების განვითარება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია”
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს თავმჯდომარემ ევროკავშირის შენარჩუნების პირობა დადო