კობახიძის თქმით პირის ქვეყანაში შემოშვება არ შემოშვების გადაწყვეტილებას შსს იღებს

მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტი – პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტული პირის ქვეყანაში შემოშვება არ შემოშვების გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს.

„თუ საქმე ეხება ოკუპაციის შესახებ კანონს, ამ შემთხვევაში ბუნებრივია სამართლებრივი მექანიზმები ალბათ უნდა ჩაერთოს. თუმცა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, სამართალდამცავ ორგანოებზეა დამოკიდებული,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფება.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, იური ლუჟკოვი საქართველოს საზღვარზე ლეგალური საბუთებით შემოვიდა.

თავად ლუჟკოვი ამბობს, ის ქვეყანაში ტურისტული მიზნებით იმყოფება. მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა.

იური ლუჟკოვმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2009 წელს იმყოფებოდა, მაშინ ამ ფაქტს საქართველოს საგარეო სამინისტროს პროტესტი მოჰყვა.

ამასთან, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

banner
წინა სტატიაშიმეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ვაკის პარკში იკრიბებიან
შემდეგი სტატიავაკის პარკში „ღამის მგლები” მივიდნენ