კობახიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობას“ წარმომადგენლები მათ ოფისში იარაღით შევიდნენ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ საარჩევნო შტაბში პროვოკაციის მოწყობა სცადა.

როგორც კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტი მათ ოფისში ქამარში ჩადებული იარაღებით შევიდა.

მისი თქმით, პროვოკაციის მიზანი იყო, რომ გარედან მომხდარიყო ამ პირების გადაღება და შემდეგ ტელევიზიით გაშუქებულიყო, რომ „ოცნების“ შტაბებში შეიარაღებული პირები იკრიბებიან.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სცადა პროვოკაციის მოწყობა ერთ-ერთ საარჩევნო შტაბში. მათი სამი აქტივისტი შევიდა ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში. ესენი იყვნენ სევდია უგრეხელიძის შტაბის წევრი, ერთ-ერთი იყო მათ შორის, უბნის კოორდინატორი. ორ მათგანს ეცვა „ქართული ოცნების“ მაისურები და ორივე მათგანს ჰქონდა ჩადებული ქამარში პისტოლეტები. შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენ აქტივისტებთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პროვოკაციის მიზანი იყო ამ ფაქტის გარედან გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, თითქოს „ქართული ოცნების“ შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული ადამიანები და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მოქმედების სტილს ვერ ცვლის და ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში ძლიერები არიან.

კობახიძის თქმით, პირთა იდენტიფიცირება უკვე მოხდა.

„ერთ-ერთ მათგანს თან ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ბილეთი, რომელიც გაცემულია 2016 წელს. ეს ადამიანები, სამივე მათგანი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან. სამართლებრივად იარაღი გაფორმებული ჰქონდათ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, რომლებიც დროულად დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს, მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიკერიმ მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს პუბლიკაზე თამაში
შემდეგი სტატიასერგო რატიანი : „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ალბათ, ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეა