“კობახიძეს შეუძლია თავისი წინადადებით მიმართოს ნებისმიერს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი, მანანა კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მას “კოკაინის საქმეზე” დაკავებულის შეწყალებაზე ალეკო ელისაშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა.

ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ მანანა კობახიძეს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ადამიანს, უფლება აქვს თავისი წინადადებით ნებისმიერს მიმართოს.

“ტყუილად მეკითხებით. მანანა კობახიძემ, რომ ეს თქვა მე უნდა ავდგე და მისი განცხადება შევაფასო? არასწორი კითხვაა. რა არის დასჯადი? ტელეფონით დარეკვაა დასჯადი? არ ვიცი მე, კობახიძეს კითხეთ. მე ვაფასებ ასე, დეპუტატი არის ხალხის იგივე წარმომადგენელი, როგორც სხვა ნებისმიერი და მას შეუძლია თავისი წინადადებით მიმართოს ნებისმიერს, თქვენც შეგიძლიათ მიმართოთ. არ ვიცი მიმართა თუ არა მან ასეთი წინადადებით, ეს ქალბატონ მანანას უნდა კითხოთ. ადამიანებს, რომ თავისი შეხედულებები რაღაცასთან დაკავშირებით ჰქონდეთ, ეს შესაძლებელია. ზეწოლას ქალბატონი მანანა არასდროს არავისზე განახორციელებდა”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ დაადასტურა, რომ “კოკაინის საქმეზე” დაკავებულების შეწყალებასთან დაკავშირებით ელისაშვილთან კომუნიკაცია ჰქოდა.

“მე ვიყავი ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატი 2011 წელს სააპელაციო სასამართლოსა და შემდეგ უზენაეს სასამართლოში. საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმე გახლდათ. დიახ, ამ ადამიანების შეწყალებას ნამდვილად ვითხოვდი, რადგან დღესაც ვფიქრობ, რომ პატიმრობაში სერიოზული საპროცესო დარღვევებით იმყოფებიან. ჩვენებები მოწმეებზე ზეწოლით მოიპოვეს და ზოგადად, ბევრი სამართლებრივი კითხვაა პასუხგაუცემელი. ათეულობით საჩივარი მაქვს დაწერილი და როგორც მაშინ მჯეროდა, რომ საქმის გამოძიება დარღვევებით ჩატარდა, დღესაც ვფიქრობ, რომ ამ საქმის ხელახალი განხილვა უნდა დაიწყოს. ანალოგიური მოთხოვნით მთავარი პროკურორისთვისაც არაერთხელ ოფიციალურად მიმიმართავს, რადგან პატიმრების ნათესავები ამას ჩემგან, როგორც დეპუტატისგან ითხოვდნენ. შეწყალების კომისიაშიც ვგზავნიდი რეკომენდაციას, რადგან ვფიქრობ, ამ ადამიანებმა სამართლებრივი მისაგებელი ვერ მიიღეს. ერთადერთი გზა მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეწყალება იყო”, – აცხადებს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები თვითდაზიანებებით იმუქრებიან
შემდეგი სტატიაISIS სახელით ტერორისტული აქტი საფრანგეთში, საბავშო ბაღში განხორციელდა